
მართალია, მასალის მთავარ ფოტოზე ბედნიერი ოჯახი ჩანს და ისინი მართლაც, ბედნიერები არიან, მაგრამ სულ რაღაც ერთი წლის წინ მათ სიცილისთვის ნამდვილად არ სცხელოდათ.
შელი ქოული კომაში მოულოდნელად ჩავარდა: ზუსტად მაშინ, როცა საკეისრო კვეთით მისი შვილი მოევლინა ქვეყანას. ბავშვის გაჩენიდან ერთი კვირის შემდეგაც შელი ისევ უგონოდ იყო და ექიმებმა დაასკვნეს, ის ასევე დარჩებოდა, მაგრამ მედპერსონალიდან ერთ-ერთს იდეა დაებადა:
მედდამ სახელად ეშლი მანუ, გადაწყვიტა, ხელმძღვანელობისა და ზემდგომებისთვის თავისი იდეა გაეცნო და ეს გააკეთა კიდეც: კლინიკაში ბოლო დროს "კანით კანთან კონტაქტის" პრაქტიკა იყო დაგეგმილი. ამ პრაქტიკის მიხედვით (სხვათა შორის, მას უკვე საქართველოშიც იყენებენ) ახალშობილი სასწრაფოდ მიჰყავთ დედასთან და მკერდზე უწვენენ მას.
თუ დედა ანესთეზიოლოგიის გამო ჯერაც არაა გამოსული მდგომარეობიდან, მას ბავშვის მამა ცვლის და ჩვილს სწორედ მამის მკერდზე აწვენენ. მიჩნეულია, რომ მშობლების კანთან კონტაქტი ახალშობილის იმუნიტეტს აძლიერებს და მის სხეულს ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
მედდის იდეა ის გახლდათ, რომ მომაკვდავი ქალისთვის შვილი უნდა მიეყვანათ და მკერდზე დაეწვინათ, შემდეგ კი სპეცმონიტორებზე დაკვირვებოდნენ დედის რეაქციას. მართლაც, პატარა რაილენი დედის მკერდზე დააწვინეს, მაგრამ მას ტირილის ნაცვლად, მაშინვე ჩაეძინა, გაღვიძების შემდეგ კი ექიმებმა ისე მოაწყვეს, რომ პატარა ატირებულიყო. ასეც მოხდა.
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. როგორც მედდა იხსენებს, მონიტორებზე მაშინვე აისახა, რომ კომაში მყოფი ქალის ორგანოებს გამოცოცხლება დაეტყოთ. უკვე ერთი საათის შემდეგ ქალი კომიდან გამოვიდა. პატარა რაილენმა თავისი ტირილით დედა აშკარა სიკვდილისგან იხსნა. ოჯახი დღესაც ბედნიერად ცხოვრობს.