
„მაესტროსთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს საქართველოს პრემიერმინისტრმა შეკითხვა შეაწყვეტინა ჟურნალისტ ანა ბროლაძეს, ხოლო როცა მან შეკითხვის დარულება სცადა, ფოტოზე გამოსახული ჟესტით შეაჩერა.
ჟურნალისტის შეკითხვა შეეხებოდა შსს–ს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს, შესაძლოა, სხვადასხვა დანაშაულში იყვნენ შემჩნეულნი და დღესაც მაღალ თანამდებობას იკავებენ.
ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის ციტატა იმის შესახებ, რომ მისი შვილის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე ისევ მაღალ თანამდებობაზეა შსს–ში, თუმცა, პრემიერმა მას შეკითხვის დასრულება არ აცალა:
„კარგით, დიდი მადლობა, უკაცრავად! მოდით, ასე შევთანხმდეთ: თუ თქვენ გაქვთ კონკრეტული კითხვები, შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ მინისტრს. მე არ ვარ ვალდებული, ყველა გვარზე ინფორმაცია მქონდეს და განმარტებები ვაკეთო...
უკაცრავად! მე ვარ საქართველოს პრემიერმინისტრი და თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული კითხვებით იმ უწყებების ხელმძღვანელებს მიმართოთ, რომლებშიც ეს პირები ფიგურირებენ", – ამ პასუხის შემდეგ პრემიერმინიტრისთვის სხვა შეკითხვა ჟურნალისტს აღარ დაუსვამს, რადგან ირაკლი ღარიბაშვილმა პიჯაკზე მიმაგრებული მიკროფონი მოიხსნა და საუბარი დაასრულა.