
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა მისთვის სრულიად მისაღები იყო. მისი თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრი არაობიექტურად არავის აკრიტიკებს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ "მაესტროსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა:
„აქ უჩვეულო არაფერი არ არის. ნებისმიერი კრიტიკა და, მით უმეტეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმული, მისაღებია. ბატონი ბიძინა არავის არაობიექტურად არ აკრიტიკებს. თუ გადახედავთ მის გამონათქვამებს, ის არ აკრიტიკებს არავის უსაფუძვლოდ. მე ათი წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინასთან და ამ ხნის განმავლობაში მე ვცდილობდი, უფრო მეტი კრიტიკა მიმეღო, იმიტომ რომ კრიტიკის დროს ადამიანი იზრდება. თუ ვინმე იქნება გასაკრიტიკებელი მთავრობაში, ბატონი ბიძინა აუცილებლად გააკრიტიკებს და ეს დაგვეხმარება ჩვენ იმაში, რომ არ მოვდუნდეთ. ამიტომ აქ უჩვეულო არაფერია, თქვენ ცდილობთ სხვანაირად წარმოაჩინოთ“, – მიმართა პრემიერმინისტრმა „მაესტროს“ ჟურნალისტს.