
დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „გირგვლიანის საქმესთან“ დაკავშირებით, გარდაცვილის მეგობარს ლევან ბუხაიძეს ხელახლა მოუწევს ბევრ რამეზე პასუხის გაცემა.
ადვოკატის თქმით, ბუხაიძე არ იქნება ერთადერთი, ვისაც გამოძიებისთვის პასუხის გაცემა მოუხდება. მისივე განცხადების თანახმად, დასადგენია თუ როგორია ლევან ბუხაიძისა და თბილისის შს მთავარის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის როლი ალ. გირგვლიანის საქმეში:
"გამოძიებით უსათუოდ დასადგენია, თუ ვინ მიაყენა ალ. გირგვლიანს სხეულის დაზიანებები, მათ შორის სასიკვდილო დაზიანება. გამოსავლენია საქმის რეალური გარემოებები, თუ როგორია ლევან ბუხაიძისა და თბილისის შს მთავარის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის როლი ალ. გირგვლიანის საქმეში.
დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა შოკისმომგვრელი ფაქტობრივი მოცემულობები, რასაც გამომძიებლები ვერაფერს უხერხებენ.
რაც შეეხება ლევან ბუხაიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს, მიმაჩნია, რომ ამ საქმეში მას საკუთარი როლი და ფუნქცია აშინებს და მისი გააქტიურებაც ამით არის გამოწვეული.
ლევან ბუხაიძის მიერ გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე მიცემული ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი და საქმის გარემოებებთან შეუსაბამო ჩვენებები, უტყუარად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ როგორც მინიმუმ - მის ინტერესებში არ შედის სიმართლის დადგენა.
ვურჩევ მას, შეწყვიტოს საზოგადოებისა თუ გამოძიების შეცდომაში შეყვანის მცდელობები და ზოგიერთებივით, დაელოდოს მოვლენათა განვითარებას. ვიმედოვნებ, ძალიან მალე, ლევან ბუხაიძეს (და არამარტო მას) ხელახლა მოუწევს ბევრ რამეზე პასუხის გაცემა!", - აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.