-
2015-02-18 17:42
რუსკა მაყაშვილის დედა, სახიობი თამარ მაყაშვილი პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე მომხდარ არეულობაზე საუბრობს, რომელიც საკუთარ თავზე იწვნია.
„ყველა ველოდით ბუმბერაზ, ლეგენდარულ ადამიანთან, პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრას.
შეიძლება, ვინმე სხვა რომ ყოფილიყო, თავი არ მომეკლა. ყველანაირ პირობას დავთანხმდით, დრეს-კოდი დავიცავით, მაგრამ იქ დაგვხვდა დომხალი...
როდესაც სპორტის სასახლეს აქვს 9-10 კარი, ოფიციალური "დავკა" დაგვხვდა. ასაკოვანი ქალბატონები პანტა-პუნტით გამოგვქონდა იმ ჭყლეტვიდან... პაატა ბურჭულაძეს სახე არ ჰქონდა...
ორგანიზატორი გამოვიდა და ბოდიში მოიხადა, მაგრამ მიზეზებზე საუბარი არ მინდაო... მაშინ აგვიხსენი, ვისი ბრალი იყო ეს?
ჩემმა შვილმა მოიკლო და გამიშვა კორიფეების მოსასმენად. შიდა დაცვამ მიცნო და ჩამიყვანა, მარიკო კვალიაშვილიც კი შეურაცხყოფილი იყო. დარბაზში "გენიალური" ისტორია მოხდა, როცა დავსხედით, ჩემს ადგილზე სხვა იჯდა.
კიდევ კარგი, სადღაც ადგილი იყო და ის კაცი გვერდით გადაჯდა. მჯერა, რომ მათაც იყიდეს ბილეთები, მაგრამ ასე შეიძლება? მადლობა, რომ ალენ დელონი ცოცხლად მაჩვენეს, მაგრამ ამის გამო თვალებს ვერ დავხუჭავ.
როდესაც ასეთ ღონისძიებას აკეთებ, კარგად მომუშავე "სტაფი" უნდა გყავდეს. ბეიჯები ვისაც ჰქონდა, არ იცოდნენ, სად რომელი სექტორი იყო. ეს იგივეა, ჩემს სპექტაკლზე რომ მოხვიდეთ და ტექსტი დამავიწყდეს.
არ ვიცი ეს "არტ-პალასია" თუ შმარტპალასი, როცა კონცერტს აკეთებ, ვალდებული ხარ ორგანიზებული იყოს ღონისძიება და მომექცნენ, როგორც ადამიანს.
...მდაბიო ადამიანებს აქვთ ყველაფერი ხელში ჩაგდებული. უწიგნურობა და მგლური კანონით ცხოვრება დაიწყო ხალხმა. რადგან ტელევიზორში ვჩანვართ მე და ჩემი შვილები, არავინ თქვას, რომ გვილხინს, მაგრამ სულიერებით ვცხოვრობთ. მოვიდა ის, ვინც არ უნდა მოსულიყო და დარჩა ის, ვინც უნდა წასულიყო. ამას ვამბობ ჩემს სფეროზე.
კოტე ყუბანეიშვილის ლექსი მახსენდება:
„თვისება არის თურმე მონების,
იყო შემყურე სხვისი გონების,
ისევ და ისევ ვერაფერს ვხვდებით,
ბელადს ვირჩევთ და მონები ვხდებით.
ისევ გვინდება ჩვენზე იმეფონ,
როგორც ძაღლებმა, ისე გვიყეფონ.
ხვედრად რომ გვერგოს უღელში შებმა,
და ჩვენი საქმე აკეთონ სხვებმა".
ჩვენ დავკარგეთ სინდისი, ნამუსი და ვკარგავთ ღირსებას. სულ მეუბნებიან, ენა გღუპავსო. დამღუპოს, მამაჩემიც ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე არ გაუშვეს, ის დარჩა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერად. მირჩევნია ასეთი ვიყო, ვიდრე მე ან ჩემმა შვილებმა ღირსება და სინდისი დავკარგოთ,“ - აცხადებს თამარ მაყაშვილი.
ambebi.ge