
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მუხროვანის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაზე მის მიერ გაკეთებულ კომენტარს ჟურნალისტების არასწორ ინტერპრეტაციას უწოდებს.
„კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ბრაიზა აცხადებს, რომ მის კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტების ქმედება უკიდურესი არაპროფესიონალიზმია:
„ასეთი რამ მე არ მითქვამს. ჟურნალისტებმა, რომლებიც ჩემს პრესკონფერენციას ესწრებოდნენ, ჩემი სიტყვების აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეს. ეს არის უკიდურესი არაპროფესიონალიზმი.
თუ ორიგინალს ნახავთ, ვამბობ, რომ წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება, არაფერი ვიცი კონტექსტის შესახებ, მაგრამ თუკი მეკითხებით, შეიძლება თუ არა ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენება, გეტყვით, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციებში ვინმეს რომ გამოეყენებინა ფრაზა "მომიტანეთ გვამები", სავსებით დასაშვებია, მე სულაც არ მითქვამს, რომ ეს კარგია.
ახლაც ვიმეორებ: სამხედრო მეთაური, საომარ ზონაში ოპერირებისას, რა თქმა უნდა, იტყვის, მე მინდა გვამებიო. თუმცა, მე ახლა თქვენგან გავიგე, რომ ეს არ იყო ანტიტერორისტული ოპერაცია, მაგრამ როდესაც ჟურნალისტებმა ამის შესახებ მკითხეს, მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა და ეს დავაფიქსირე კიდეც, მაგრამ მათ განზრახ დაამახინჯეს ჩემი ნათქვამი და სკანდალი შეთითხნეს. ძლიერი და ჭეშმარიტი დემოკრატია ასეთი ტიპის ჟურნალისტიკით ვერ აშენდება”, - აღნიშნავს ბრაიზა.