
ბათუმი–თბილისის ჩქარი მატარებელი დედაქალაქში 2 თებერვლის ღამითაც დაგვიანებით ჩამოვიდა. ამჯერად, შემადგენლობა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სამტრედიასთან იყო გაჩერებული.
რა გახდა ამჯერად შეფერხების მიზეზი, დაუდგენელია. მგზავრების თქმით, მატარებელი სამტრედიასთან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტში იდგა და ორი საათის განმავლობაში ისინი მაშველი ელმავლის ჩაბმას ელოდებოდნენ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ორ დღეში: 1 თებერვალს იგივე რეისი ზესტაფონსა და ხარაგაულს შორის, უკაცრიელ ადგილას იყო გაჩერებული.
მგზავრების განცხადებით, დაგვიანებული, არაკომფორტული მგზავრობისთვის პასუხი „საქართველოს რკინიგზის“ ტექნიკურმა პერსონალმა უნდა აგოს. გუშინდელ ფაქტზე, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია „საქართველოს რკინიგზას“, ხოლო 1 თებერვალს თბილისში შემადგენლობის დაგვიანებით შემოსვლასთან დაკავშირებით დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ მატარებლის მწყობრიდან გამოსვლა უამინდობით გამოწვეული მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა.