-
2014-02-02 04:01
პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელიც მუხროვანის ამბოხის კადრებს დღეს გამოეხმაურა, მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ვიდეო თავად ღარიბაშვილის მიერ ჩაფიქრებული პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილი იყოს.
პოლიტოლოგი აცხადებს, რომ პრემიერის განცხადება ვიდეოსთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს:
„...ვნახე ის ვიდეო, ზოგი პოლიტიკოსის კომენტარი, „ფეისბუკის“ რამდენიმე პოსტი და ამ ეტაპზე ერთი გამოკვეთილი შთაბეჭდილება შემექმნა: ყველაფერი ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სამართლის ცნების სრული გაბანძებისკენ.
ეს ვიდეო, და ვანოს ნათქვამი ფრაზა „ორი გვამის“ და პრემიის შესახებ, თავისთავად აბსოლუტურად არაფერს ამტკიცებს და არავითარი დასკვნის საფუძველი არ არის. კი ბატონო, საჭიროა გამოძიება - პირველ რიგში იმის, თუ როგორ მოხვდა ასეთი ვიდეო საჯარო სივრცეში.
რაც ეჭვს არ იწვევს და ცალსახად შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ არავითარ კრიტიკას არ უძლებს პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება: იმის მაგივრად, რომ ეთქვა, როგორც ქვეყნის პირველ პირს შეეფერება, რომ საჭიროა არ ავჩქარდეთ, ყველაფერი შევისწავლოთ და ა. შ., უაპელაციო დასკვნებს აკეთებს, თითქოს მისი წინამორბედი მკვლელობებს უკვეთავდა, და მოგვიწოდებს, მასთან ერთად აღვშფოთდეთ.
ამით ღარიბაშვილმა გვაფიქრებინა, რომ ვიდეოს „გამოგდება“ მისივე ჩაფიქრებული პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია, და რომ ზოგადად, მთავრობას და პირადად პრემიერს დღესაც არაფერი აინტერესებს იმის გარდა, რომ თავისი პოლიტიკური ოპონენტები „გააფუჭონ“, და ამისთვის ძალიან პრიმიტიულ, ბრიყვებზე გათვლილ პიარ-მეთოდებს მისდევენ.
რა არის მათი მოტივი: უნდათ, შეუსრულებელი დაპირებები, საბიუჯეტო დეფიციტი და ა. შ. გადაფარონ, თუ რაღაც აკვიატებული იდეები აქვთ, ეს მეორეხარისხოვანია“, – წერს გია ნოდია.