-
2014-02-02 03:31
თბილისში, 1992 წლის 2 თებერვალს შეიარაღებული გადატრიალების მოწინააღმდეგეთა ქუჩაში გამოსვლა მომიტინგეთა მასობრივი დახვრეტით დასრულდა. სამხედრო საბჭოს ძალებმა თბილისის სხვადასხვა ადგილებში ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს. იმ დღიდან 22 წელი გავიდა.
მანამდე, 3 იანვარს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანის დარბევა-დახვრეტა შედარებით ცოტა ხანს გრძელდებოდა და ისევ უიარაღო ხალხის შემოტევის გამო შეიარაღებული პირები იძულებულნი გახდნენ, იქაურობას გასცლოდნენ, სულ სხვაგვარი სურათი დაიხატა 2 თებერვალს:
მსვლელობას, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა, წინ წმინდა ნინოს უჯვარი უძღოდა. ხალხი ვაგზლის მოედნიდან დაიძრა და ქალაქის ცენტრალური ნაწილები უნდა გაეარა. დემონსტრაციას გზადაგზა მოსახლეობა უერთდებოდა. აქციის მიზანი არ ყოფილა არც მთავრობის სახლთან, ან იმელის შენობასთან მისვლა, არც აგრესიის გამოხატვა რაიმე ფორმით, თუ არ ჩავთვლით ტრადიციულ შეძახილებსა და პლაკატებს...
ამის მიუხედავად, ცირკის ტერიტორიაზე, ბორცვებზე ჩასაფრებულმა შეიარაღებულმა პირებმა მსვლელობას ცეცხლი გაუხსნეს. თავდაპირველად ისინი ჰაერში ისროდნენ, მაგრამ ამან ეფექტი ვერ გამოიღო - დემონსტრანტებს არ ეშინოდათ.
იმით გაღიზიანებულებმა, რომ ხალხი არ იშლებოდა, მათ კი შესაბამისი ბრძანება ჰქონდათ მიღებული, ბორცვებს შეფენილმა შეიარაღებულებმა დამიზნებით სროლა დაიწყეს - პირდაპირ დემოსტრანტებს ესროდნენ.
აქციამ გეზი შეიცვალა - ისინი, ვინც არ დაშლილან, მწყობრად გადაადგილებას ცდილობდნენ და უკან, ვაგზლის მოედნისკენ დაიხიეს, თუმცა, ვერც ვაგზლამდე მიაღწიეს - აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთასთან მათ მეორე ჯგუფი დაახვედრეს, რომლის წევრებმაც მიზანმიმართული ცეცხლი გახსნეს დემონსტრანტების მისამართით.
აქციამ კიდევ ერთხელ შეიცვალა მიმართულება: აღმაშენებლის გამზირზე - ვორონცოვის მოედნის მიმართულებით, მაგრამ ვორონცოვამდეც არ მიუშვეს - მესამე ჯგუფმა მარჯანიშვილის მოედანზე გახსნა ცეცხლი. სწორედ იქ, მარჯანიშვილის მოედანთან დააპატიმრეს უკვე შეთხელებული დემონსტრანტებიდან უამრავი ადამიანი, რომელთაგან ბევრი – სასტიკად აწამეს.
არაოფიციალური, მაგრამ დაზუსტებული წყაროებით, მხოლოდ იმ დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას 23 ადამიანი მოკლეს და 183 - დაჭრეს. მოკლულთა შორის ყველაზე უმცროსი 16 წლის მედროშე - მამუკა ტერაშვილი იყო.
სხვადასხვა მონაცემებით, 2თებერვალს დახვრიტეს გიზო ხატიაშვილი, გივი რეხვიაშვილი, ლევან თაქთაქიშვილი, ბაადურ მჭედლიშვილი, ზურაბ ჯავახიშვილი, მამუკა ტერიშვილი, ზურაბ დიდებაშვილი, ალიკო დავრაშვილი, გურამ დოლიძე, გერონტი ლიპარტელიანი, იური ტალახაძე, იმედო ჭანტურიძე, ტარიელ ხერკელაძე, მიხეილ ფოლადაშვილი, ტრისტან ცერაძე.
მოამზადა ლაშა ბერულავამ.
მასალას თან ერთვის ბესარიონ გუგუშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო.