-
2015-01-16 15:25
პორტალი "კვირა" აქვეყნებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თემურ ჯანაშიას კომენტარს, რომელიც ადასტურებს, რომ ზვიად გამსახურდიას კუთვნილი დაჯავშნული "მერსედესი", რომელსაც კერძო პირი ჰყიდის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეცსადგომზე იყო დაცული.
თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როდის და რატომ გასხვისდა კერძო პირზე "მერსედესი". მისი თქმით, არათუ 2012, არამედ 2013 წლის თებერვლის მდგომარეობითაც "მერსედესი" სპეცსადგომზე იმყოფებოდა.
„მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ზვიად გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლების დროს არის შეძენილი, სანამ მე თანამდებობაზე ვიყავი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე იმყოფებოდა. მე თანამდებობა 2013 წლის თებერვალში დატოვე. წესით, ეს მანქანა არ უნდა გასხვისებულიყო. ეს არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა. როგორ აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში, ჩემთვის უცნობია. მიმართეთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს“,- აღნიშნა ჯანაშიამ.
„კვირა“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ უწყების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ხერგიანმა განუცხადა, მათი სამსახური ჩვენ მიერ წერილობით გაგზავნილ კითხვებს 10 დღის განმავლობაში უპასუხებს. „კვირა“ ლურჯი ფერის „მერსედესის“ შესახებ ჟურნალისტურ მოკვლევას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მკითხველს კვლავ შევთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ მანქანების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე: myauto. Ge 2015 წლის 1 იანვარს მსუბუქი ავტომობილის MERCEDES-BENZ-ის გაყიდვის თაობაზე განცხადება გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავტომანქანა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ყოფილი მანქანაა და იგი 32 000 დოლარად არის შეფასებული. როგორც „კვირამ“ გაარკვია ლურჯი ფერის ავტომანქანა „მერსედესი“ უკვე დიდი ხანია კერძო პირის კუთვნილებაა. თავად მანქანის მესაკუთრე ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და მანქანის გაყიდვა მან მეგობარს სთხოვა.
პორტალი "კვირა"