
"რუსთავი-2"-ის ეთერში პარლამენტის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ისიც და ზურაბ ჯაფარიძეც აპირებენ სასამართლოს მიმართონ და კომპენსაცია მოითხოვონ მათი პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ხოლო ეკა ბესელია სთხოვა, რომ მისი მორალიდან გამომდინარე ნუ იმსჯელებს.
"ჩვენ მოვამზადებთ, სარჩელს და შევიტანთ სამოქალაქო სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვის გამო და მოვითხოვთ კომპენსაციას, რა თქმა უნდა ეს არ იქნება მილიონი როგორც თავად ამბობენ, ეს იქნება იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იყო ელჩის ინიციატივა, მას ჰქონდა თბილისიდან დავალება.
სამი ადამიანი არ მოგვშორებია აეროპორტში როცა მეორედ მივედით, მობილური ტელეფონებიდან გვიღებდნენ ფოტოებს და იმდენად შევწუხდი, რომ ბოლოს მივედი და ვკითხე ქართველები ხართ თუ არა, მათ დამიდასტურეს, შემდეგ პირდაპირ ვკითხე თქვენ აქ იმიტომ გამოგაგზავნეს, რომ ჩვენ გვიმეთვალყურეოთ აქ, რაზეც ძალიან დაიბნენ.
ჩემს შემდეგ თქვენთან სტუმრად არის ეკა ბესელია და ერთი რამ მინდა ქალბატონ ეკას ვთხოვო, დღეს მან თქვა რომ მას არ გაუკვირდა რომ ჩვენ ამას ვიკადრებდით, ძალიან გთხოვთ ქალბატონო ეკა საკუთარი მორალიდან ნუ გამოხვალთ და იქედან ნუ გამოხვალთ, თქვენ რას იკადრებდით. მე ძალიან შორს ვარ კანონის დარღვევისგან".
news.ge-ს მიხედვით