
თუმანიშვილის თეატრის უკვე ყოფილი მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი 30- წლიანი მუშაობა თუმანიშვილის თეატრში დასრულდა.
„დღეს შემატყობინეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა (ქეთი დოლიძე) ჩემთან ხელშეკრულება არ გააგრძელა იმ მიზეზით, რომ ორი წელი სპექტაკლში არ მითამაშია, ოღონდ თვითონ ამომიღო ყველა მოქმედი სპექტაკლიდან, რა უფლებით ? – დღესაც არ ვიცი.
როგორც ვატყობ თუმანიშვილის თეატრში სამართლიანობა აღდგა, დოლიძემ კი ღირსება დაიბრუნა. გილოცავთ ახალ წელს!
პ.ს. გაგრძელება იქნება", – წერს გია როინიშვილი.
მსახიობის ამ პოსტს მისი გულშემატკივრები მაშინვე გამოეხმაურნენ და სამხატვრო ხელმძღვანელისგან დაჩაგრული როინიშვილი თბილი სიტყვებით გაამხნევეს.
ლიანა მოისწრაფიშვილი: გია, ჩემო ძალიან ნიჭიერო, შენ არ დაიკარგები და ქეთი ''კუკარაჩას'' ამარა დარჩება აგერ ნახავ. დრონი მეფობენ და არა მეფენი. ცოტაცა, ცოტაცა და დამთავრდება ეს ბალაგანი.
Ambebi.ge-სთან საუბარში ქეთი დოლიძემ როინიშვილი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.
„კაცი არ მოსულა თეატრში არცერთხელ, ფეხი არ დაუდგამს. როდესაც ვეუბნებოდით, მოდი-თქო, უარს ამბობდა.
იმდენი რამე აქვს ჩადენილი, მის კოლეგებს დანახვა არ უნდათ. ის 7 წელია წყნარად იღებს ხელფასს.
არც გაბედოს წამებულის მანტიის მოსხმა, როდესაც მისი კარნახით თეატრიდან გამაგდეს და ფესტივალი დამიხურეს, ხმა რატომ არ ამოიღო?!
არასდროს მიძიებია შური, მაგრამ მე მინდა არტისტები, რომლებიც სცენაზე დგანან.
ის რამდენჯერმე რომ არ მოვიდა, გავათავისუფლე სპექტაკლიდან. რამაზ იოსელიანს მოუკვდა ძმა, ვუთხარი, გია ჩამოდი მაგ პარლამენტიდან და ითამაშე-თქო, მაგრამ მან უარი თქვა.
როცა პარლამენტში იყო, არცერთ სპექტაკლში უთამაშია, აბა გაბედოს და უარყოს ეს ინფორმაცია. ეგ ისეთი კაცია, ყველაფერზე მოაწერს ხელს. რა სინდისით იღებდა ამდენი ხანი ხელფასს. მის სინდისზე იყოს ყველაფერი.
რომ მდომოდა, როცა გავხდი სამხატვრო ხელმძღვანელი, მაშინ გავუშვებდი. ადამიანს, რომელმაც ამდენი ხანია საერთო ენა ვერ იპოვა კოლეგებთან, ხმა არ აქვს ამოსაღები. რამდენიმე მსახიობი აცხადებს, რომ მაგასთან ერთად სცენაზე არ დავდგებითო. ჰკითხოს იმ მსახიობებს, რატომ არ უნდათ მასთან ერთად სცენაზე დგომა.
6-7 წელია, არ უთამაშია სპექტაკლში. ადამიანი, რომელსაც ძმა მოუკვდა, ის არ დაინდო და არ ითამაშა; რას აკეთებდა ამ პარლამენტში? მოვიდეს და მითხრას. სხვა პარლამენტარი მსახიობიც გვყავს თეატრში, მაგრამ ერთი რეპეტიცია და სპექტაკლი არ გაუცდენია,“ - აცხადებს ქეთი დოლიძე.