
ქუთაისის მერობის სავარაუდო კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თემურ ცამციშვილს 6.000 ლარის უკანონოდ გადარიცხვას ედავებიან. ქუთაისში ამბობენ, რომ ეს მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას ანგარიშსწორებაა, რადგან მას კონკურენციის ეშინია.
დრევანდელ გაზეთ „ქრონიკაში“ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც თემურ ცამციშვილის ირვლივ აგორებულ მოვლენებს ეხება, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დასახელებული კანდიდატი ქალაქში ავტორიტეტით სარგებლობს და ყველაზე რეიტინგულ კანდიდატად ითვლება:
„საქმე ეხება ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ცამციშვილს, რომელსაც ახალი ხელისუფლება ე.წ. „ნაცური” წარსულისთვის ასამართლებს!
ყოფილი საჯარო მოხელის თემურ ცამციშვილის ბრალდებაში არასწორად გადარიცხულ 6000 ლარზეა საუბარი, რომელიც ტრანსპორტირებისთვის იყო გათვალისწინებული ტენდერში გამარჯვებული ფირმისთვის.
მარტივ და გასაგებ ენაზე კი, ეს ყველაფერი, დაახლოებით ასე ჟღერს: მაგალითად, ოპერისა და მუსიკალური დარბაზის დასი ქუთაისის კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელშეწყობით, თბილისში გაემგზავრა და დაბრუნდა კონკრეტულ ღონისძიებაზე. ცამციშვილმა ტრანსპორტის ფული აანაზღაურა, ვთქვათ 500კმ-ს გავლის, იმ ფაქტურით, რომელიც შემსრულებელმა წარმოადგინა.
პროკურატურამ ამ 500 კმ-დან პირობითად 470 დათვალა კონკრეტული მარშრუტით: ქუთაისის გასასვლელიდან – თბილისის შესასვლელამდე და მორჩენილი 30 კმ-ის ანაზღაურება დანაშაულად ჩაუთვალა სამსახურის უფროსს. ანალოგიურად დათვალეს სხვა გასვლებიც. მაგალითად, რაბათში ქუთაისური ინტელიგენციის ექსკურსია და სხვა ამ ტიპის ღონისძიებები. ყველგან ერთნაირად `მორჩენილი” კილომეტრები შეიკრიბა და 6000 ლარი „ზედმეტად” ჩაითვალა“, – წერს გაზეთი „ქრონიკა“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ თემურ ციმციშვილი მერობის კანდიდატად ჯერ არ დაუსახელებია. ქუთაისელი ნაციონალები ამბობენ, რომ ჯერ შიდა პრაიმერი ჩატარდება, რომელიც ყველაზე რეიტინგულ კანდიდატს გამოავლენს. მერობის კანდიდატი სწორედ ამის შემდეგ დასახელდება.
მანამდე კი ქუთაისის მერობის კანდიდატს, შესაძლოა, ბრალიც დაუმძიმდეს, რის სემდეგაც სასამართლომ, შესაძლოა, ან პირობითი სასჯელი განუსაზღვროს, ან პატიმრობა. ორივე შემთხვევაში მას აეკრძალება ისეთი თანამდებობისთვის ბრძოლა, როგორიც ქალაქის მერია. ქუთაისში ამბობენ, რომ ახლანდელი მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას მიზანიც ეგ არის.