
უახლოეს ხანში „ლეიბორისტები“ აქციებს იწყებენ იმ მილიონერი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტში სხედან, საკუთარ ბიზნესებს ლობირებენ და შესაბამის კანონებსაც იღებენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას თქმით, აქციები გაიმართება ბიზნესმენ-დეპუტატების სასახლეებთან და მათ ე.წ. საწარმოებთან:
„მოვითხოვთ, მათ შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება. თუ ამას პარლამენტი არ განახორციელებს, მივმართავთ ევროკავშირსა და ევროსაბჭოს. არ შეიძლება, პარლამენტში ისხდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან მხოლოდ საკუთარი ბიზნესების ლობირებით, გადაფოფრილები არიან საკუთარ ქონებაზე და იღებენ თავიანთთვის სასურველ კანონებს.
ჩვენ ასევე ვაპირებთ, ვამხილოთ ისინი ინდივიდუალურად და გავმართოთ აქციები მათ სახლებთან. სანამ მილიონერთა ეს ბანდა ხელისუფლებას არ ჩამოსცილდება, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.
ჩვენ დოკუმენტებიც გვაქვს. ამ დეპუტატებს ქონებრივ დეკლარაციებში უწერიათ, რა ბიზნესებს ფლობენ. შეიძლება ფორმალურად თანამდებობებს არ იკავებენ ამა თუ იმ კორპორაციებში, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს.
ამას წინათ გოგი თოფაძე გამოვიდა და განაცხადა, იაფი კრედიტის სახით 7 მილიონი ლარი ავიღე, ამით უნდა განვავითარო სოფლის მეურნეობაო. წესით, ეს თანხა უნდა გაცემულიყო ფერმერებსა და ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც მოაწყობდნენ საწარმოებს და მოიყვანდნენ პროდუქტებს.
ასევე, ერთი ამბავი ატეხა კახა ოქრიაშვილმა, როცა ფარმაცევტულ მონოპოლიას დაემუქრა საშიშროება, გამოვარდა პარლამენტში და დაიწყო ამ საკითხის ლობირება. ეს ყველაფერი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ისინი ჩამოშორდნენ საპარლამენტო საქმიანობას. ამ ადამიანების საქმიანობა თავიდან ბოლომდე არის უკანონო.
დღეს პარლამენტში ზის "პე-ეს-პე"-ს მეპატრონე, რომელიც შეუერთდა უმრავლესობას, გახდა "ქართული ოცნების" სახე და აგრძელებს ქართველი ხალხის ძარცვას. ეს ადამიანი იყო სააკაშვილის ბანაკში, აფინანსებდა "ნაცბანდას" და ახლა გადმოინაცვლა ბიძინა ივანიშვილის ბანაკში. დღეს რაც პარლამენტში ხდება, ეს უკვე აღარ არის საკანონმდებლო ორგანო, ეს არის საკანონმდებლო მაფია,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.
„ალია“ იმ მილიონერთა სიას ასახელებს, რომელთაც „ლეიბორისტების“ პროტესტი ეხება.
1) დავით ბეჟუაშვილი - 1 მილიარდი დოლარი; 2) კობა ნაყოფია - 800 მილიონი; 3) გოგი თოფაძე - 600 მილიონი; 4) გოგი ლიპარტელიანი - 500 მილიონი; 5) ვალერი გელაშვილი - 400 მილიონი; 6) კახაბერ ოქრიაშვილი - 300 მილიონი; 7) გოდერძი ბუკია - 250 მილიონი; 8) ზურაბ ტყემალაძე - 200 მილიონი; 9) გოჩა ენუქიძე - 200 მილიონი; 10) ნაული ჯანაშია - 100 მილიონი.
„ალია“