
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება არამხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ აღმსარებლობის კიდევ ოთხი მიმართულება: მუსულმანური, გრიგორიანული, კათოლიკური სარწმუნეობა და იუდაიზმი.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც დღევანდელ მთავრობის სხდომას უძღვება. მისი თქმით, ხმები იმის თაობაზე, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გახშირდა რელიგიური შუღლი, სინამდვილეს არ შეესაბამება:
„ ჩვენი მთავრობის დროს არა თუ გაუარესდა ვითარება, არამედ გვაქვს გაუმჯობესება. გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიების მიმართ. ამის დადასტურებაა ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომლითაც ოთხ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ესენია: მუსულმანური, გრიგორიანული, კათოლიკური სარწმუნეობა და იუდაიზმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დაფინანსება და ის ამ რელიგიებზე პროპორციულად გადანაწილდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.