
რომან ჩხენკელი, რომელიც პრემიერმინისტრის მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში და, ამავდოულად, შედის პრემიერთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში, ბანკ „ქართუს“ გაკოტრებისთვის ბრალდებული პირია.
რომან ჩხენკელს ახლადშექმნილ უსაფრთხოების საბჭოში ეკონომიკური საკითხების კურატორობა დაევალა.
რომან ჩხენკელი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ეროვნული აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმეში ერთერთი ბრალდებულია.
2013 წლის 20 იანვარს რომან ჩხენკელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. მან პატიმრობას თავი ამ თანხის გადახდის საფუძველზე დააღწია.
აპრილში ჩხენკელი აჭარის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, მოგვიანებით კი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი გახდა ეკონომიკურ საკითხებში.