
„მაესტროდან“ ჟურნალისტების წასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათი ასეთი გადაწყვეტილება კოტე გოგელიას მიერ ჩატარებულ „გაფართოებულ“თათბირს უკავშირდება.
„პრაიმტაიმის“ინფორმაციით, ტელევიზიაში ჟურნალისტებს ორი თვის ხელფასი არ აქვთ აღებული.
ფინანსური პრობლემების მიუხედავად, გოგელიამ მათ "გამოფხიზლება"ურჩია და სამსახურების გარეშე დატოვებით დაემუქრა... თათბირიდან გამოსული თანამშრომლები დაბნეულები იყვნენ, რადგან უკმაყოფილების გამოსახატავად თავად იყვნენ მომზადებულები, სანაცვლოდ კი ხელმძღვანელობის რისხვა დაიმსახურეს, უმრავლესობამ ჩათვალა, რომ კოტე გოგელიას ტონი და სიტყვები არასწორად იყო შერჩეული.
„წამოსვლა გვაიძულეს. ხან გადაცემის ფორმატს ცვლიდნენ ისე, როგორც თავად უნდოდათ; ხან ამბობდნენ, რომ კვირაში ერთხელ უნდა გასულიყო გადაცემა ეთერში; ხან ამბობდნენ, რომ ყოველდღიური უნდა გამხდარიყო; ხან ამბობდნენ, თუ გვინდა, მოგცემთ ხელფასს და თუ გვინდა, არ მოგცემთო.
იყო აბსოლუტურად ველური დამოკიდებულება. ამიტომ წამოვედით, თავად არხის ხელმძღვანელობას რომ არ ეთქვა, ჩვენ აზრზე არ ვართ, რატომ წავიდნენო, ფეისბუკზე რაც დავწერე, იმასაც არ დავწერდი. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, ისედაც ძალიან განვიცდი ამ ამბავს,“ - აცხადებს „მაესტროს“ ყოფილი თანამშრომელი, თეონა გეგელია.