
ასოცდათხუთმეტი არც ერთის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო. მანამდე სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი იყო. საკითხის გასატანად უმრავლესობას შვიდი ხმა ჰყოფნიდა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დარბაზში მყოფი უმცირესობის 42-ვე დეპუტატმა დაუჭირა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს, პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული მთავრობა გააგრძელებს.
ასევე ძალაში რჩება ნორმები, რომლითაც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის დათხოვნა ეკრძალება პირველი ექვსი თვის და საკუთარი უფლების ამოწურვამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
უმცირესობამ საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრის წინ სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარება პრინციპულ საკითხად დააყენა. უმრავლესობა ამის საჭიროებას ვერ ხედავდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარემ დახურული კონსულტაციები უმცირესობასთან რამდენჯერმე გამართა. რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და საკითხი სარეიტინგო კენჭისყრაზე დააყენა.