
თურქეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრეი კარლოვი ანკარაში მოკლეს, სადაც თანამედროვე ხელოვნების გამოფენის გახსნაში მონაწილეობდა.
ტერორისტმა მას ზურგში რვა ტყვია ესროლა. ის ვიდეოზეცაა აღბეჭდილი, სადაც ჩანს, რომ გასროლის შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რეპლიკებს ისროდა. მას ხელში პისტოლეტი ეჭირა, თუმცა, ელჩის გარდა, არავისთვის უსვრია.
ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ის გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტმა რუს დიპლომატს "სირიის გამო შურისძიების მიზნით" ესროლა. "ნტვ"-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი საგამოფენო დარბაზში პოლიციელის სტატუსით შევიდა, შესვლისას კი, სავარაუდოდ, პოლიციელის ყალბი მოწმობა წარადგინა.