
"ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენი ფრაქცია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებას არასდროს ვეწინააღმდეგებოდით, რადგან მიგვაჩნია, რომ არც პრეზიდენტის მხრიდან არსებობდა მისი უფლებამოსილების გამოყენების შანსი და არც ამის სიტუაცია იქნებოდა. ამ მთავრობის გაშვებას მე არ ვაპირებდი და არ ვაპირებ. ამ მთავრობას როცა დრო მოუვა, გაუშვებს ქართველი ხალხი. აქედან გამომდინარე, მე მგონი, ძალიან ნათელი შეთავაზებაა. ტაბლოზე დაფიქსირდეს, რომ მათ აქვთ იმდენი ხმა, რამდენიც აქვთ, რომ ვერ გატეხეს, ვერ მოისყიდეს "ნაციონალური მოძრაობა. ყველამ მომიტევეთ, მაგრამ ჩემთვის გადამწყვეტი მომენტია მომავლისთვის. ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" შეუვსებს იმდენ ხმას, რამდენიც მათ აკლიათ. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მათ აკლიათ 6-7 ხმა. ეს არის ზუსტად ის ზღვარი, რომლის იქეთაც ვერ წავიდნენ, მიუხედავად ზეწოლის ყველა მეთოდის გამოყენებისა,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სააკაშილის თქმით, თუ მთავრობას უნდა საკონსტიტუციო ცვლილების გატანა, ჩვენს წინადადებას ორი ხელით უნდა დათანხმდეს. "ცვლილებების გატანაში მხარს დაგიჭერთ - თქვენ მოგებული დარჩებით, ქვეყანა რას მოიგებს, არ ვიცი, მაგრამ იმას მაინც მოიგებს, რომ დესტაბილიზაციის თუნდაც წარმოსახვითი მუქარა გაქრება და "ნაციონალური მოძრაობაც" დაამტკიცებს, რომ ეს არის ერთიანი, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ღირსეულად ასრულებს ოპოზიციის როლს. ზედმეტ გაჯიუტებას, მოვუწოდებ უმრავლესობის წევრებს, ისეთივე კონსტრუქციულები იყვნენ, როგორც ოპოზიცია. ჩვენ არ გვინდა, ხელისშემშლელად გამოვჩნდეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე განმარტებით, ცვლილებებისთვის საჭირო ხმების შეგროვების მიზნით ხელისუფლება უმცირესობის წევრებზე სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებდა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ფულზე ყველაფერი არ იყიდება და ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა მანამდე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმციერსობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გუშინ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოითხოვენ, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო კვორუმისთვის. "მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა ბაქრაძემ.