
ჩაქვში, სოფელ ხალაში მცხოვრებმა გლეხებმა პროტესტის ნიშნად მანდარინის მდინარეში გადაყარეს.
ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს და დასძენს, რომ ჩაქვში, სოფელ ხალაში მცხოვრები გლეხები საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე მოწეულ მოსავალს ასე იმის გამო მოექცნენ, რომ მისი ჩაბარება მიზერულ ფასადაც ვერ შეძლეს.
გლეხები თვლიან, რომ ციტრუსის სეზონი ჩავარდა. ამ აზრს იზიარებენ ხალაში ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც:
„ძალიან დაუგროვდათ ტყუილი და მოვითხოვთ გადადგეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი,“ - ამბობს ადგილობრივ ნაციონალთა ლიდერი ირაკლი ბარამიძე.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით კი ციტრუსის სეზონი აჭარაში წარმატებით ჩატარდა:
"სეზონი იყო ზეწარმატებული. ერთი კვირაა ბათუმის პორტში გვყავს გემი გაჩერებული, რომელმაც რუსეთში უნდა წაიღოს მანდარინი და პორტში იხდის გადასახადს. ჩვენ ვთხოვეთ პორტს, რაღაც შეღავათები გაავრცელინ დგომაზე.
იმპორტიორებმა და ექსპორტიორებმა, ვინც დაინტერესებული არიან, ვერ შეაგროვეს საქონელი და, სავარაუდოდ, გემი ვერ დაიტვირთება - საქონელი არაა. ძალიან დიდი მოსავლის მიუხედავად, ფაქტობრივად, სარეალიზაციო საქონელი არა გვაქვს, რადგან უკვე ყველაფერი რეალიზებულია," - განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ "ბათუმელებთან" საუბარში.