-
2014-09-07 23:30
კიევის პატრიარქი ფილარეტი ავრცელებს განცხადებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "ახალ კაენად" და "ეშმაკისგან შეპყრობილად", სატანადაა გამოცხადებული.
პატრიარქ ფილარეტის განცხადებაში არსადაა მითითებული და დასახელებული თავად პუტინის გვარ-სახელი, მაგრამ მინიშნებები აშკარაა: "მსოფლიოს მმართველთაგან ერთერთი უსინდისოდ ცრუობს, როცა აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არაა უკრაინაში გაჩაღებული კონფლიქტის მხარე, სინამდვილეში კი ყველაფერი გააკეთა, რათა ეს კონფლიქტი გაჩაღებულიყო და ახლაც მხარს უჭერს მას..."
განცხადებაში სხვა მძაფრი ფრაზებიც გვხვდება: "საჯაროდ უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს იმ მმართველებს შორის, რომლებიც ნათლისღების კუთხით მართმადიდებლებს მიეკუთვნებიან, გამოჩნდა ნამდვილი კაენი. არა სახელით, არამედ საქმით. მისი მოქმედებები მეტყველებს, რომ ის სატანის ზემოქმედების ქვეშაა", - აცხადებს პატრიარქი ფილარეტი.
"ადრე არაერთხელ გაისმა მოწოდება ამ მმართველისა და მისი მხარდამჭერების მიმართ, რომ მათ შეეწყვიტათ ავისქმნა და მოენანიებინათ, მაგრამ ის სმენადახშული რჩება ამ მოწოდებებისადმი და მხოლოდ უმატებს ავისქმნას, რადგან მასში, როგორც იუდა ისკარიოტელში, სატანაა შესული...", - წერია განცხადებაში.