
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებას, მისი ციხიდან გაყვანის შესახებ კიდევ ერთხელ ეხმაურება.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ რაც უფრო მალე გამოიკვეთება მკაფიო სურათი აღნიშნული საქმის გარშემო, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის: „საქმე ეხება ორ უმთავრეს ელემენტს, აქედან ერთ-ერთია ის, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს შერჩევითი სამართალის თავიდან ასარიდებლად. უნდა იყოს დაცული გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი. რაც უფრო მალე გამოიკვეთება მკაფიო სურათი, მით უკეთესი იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მისი და ზურაბ ჭიაბრეაშვილის საქმის განხილვისას, სკანდალური განცხადება გააკეთა.
მერაბიშვილის მტკიცებით, გასულ შაბათს, შუაღამის საათებში იგი ციხიდან გაიყვანეს და მას საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნაში დახმარება და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშები მოსთხოვა. სანაცვლოდ ქვეყნიდან გასვლაში დახმარებას შეჰპირდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ მისი მდგომარეობა საპატიმროში საგრძნობლად გაუარესდებოდა. აღნშინულის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ კომენტარი გააკეთეს და ყოფილი პრემიერის განცხადებას, „სრული აბსურდი“ უწოდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის წევრების აზრს იზიარებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც, რომელმაც ვანო მერაბიშვილი გუშინ საპატიმროში მოინახულა.