
ჩეხეთში, კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ფილმი "სიმინდის კუნძული" გახდა, - ამის შესახებ "ფრანს პრესი" იტყობინება.
გახმაურებული “გაღმა ნაპირის” რეჟისორის ჩეხეთში შეკრებულ კინომოყვარულებს “სიმინდის კუნძულით” ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრებაზე დააფიქრებს. სწორედ სტიქიისა და ადამიანების ურთიერთობაა ფილმის მთავარი თემა, სადაც მოქმედება ენგურის ნაპირებზე ხდება და რომლის გმირებიც აფხაზები არიან.
ფსიქოლოგიურ დრამას საფუძვლად ნუგზარ შატაიძის სცენარი უდევს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ თავად რეჟისორმა დაასრულა. აფხაზურ ენაზე გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს, ძირითადად, თურქი და ქართველი, ნაკლებად ცნობილი მსახიობები თამაშობენ.
კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო ამერიკელ მსახიობ მელ გიბსონსა და რეჟისორ უილიამ ფრიდკინსაც გადაეცათ - მსოფლიო კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, თუმცა, მელ გიბსონის დაჯილდოებამ ჩეხეთში მცხოვრები ებრაელების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც მელ გიბსონს ფილმისთვის "ქრისტეს ვნებანი" აკრიტიკებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ფილმი ხელს უწყობს ანტისემიტური განწყობის გაღვივებას.
შეგახსენებთ, რომ კარლოვი ვარის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურული მოვლენაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის. გიორგი ოვაშვილმა მთავარი პრიზის გარდა, ფულადი ჯილდო -25.000 დოლარიც მიიღო.
რეჟისორს წარმატება უკვე მიულოცა კინომცოდნე გოგი გვახარიამ:
"ვულოცავ გიორგი ოვაშვილს წარმატებას. მთავარი პრიზი ასეთი კლასის კინოფესტივალზე თუ მეხსიერება არ მღალატობს, ბარემ 20 წელია არ მიგვიღია:)
ფილმი არ მინახავს, ვერაფერს ვიტყვი - მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი არის სრულიად გამორჩეული რეჟისორი ჩვენს კინოსამყაროში - მშრომელი, მუდამ დაინტერესებული სიახლით და საოცრად მოკრძალებული პიროვნება. ასეთი კაცის ფილმის გამარჯვება მით უფრო სასიხარულოა", - წერს გვახარია.
კარლოვი ვარის ივალი 40 წელზე მეტია, ტარდება და ყოველ წელს 18-ზე მეტ ქვეყანას, 700 პრესის წარმომადგენელს, რვაასამდე დისტრიბუტორსა და რამოდენიმე ასეულ საერთაშორისო კინოპროფესიონალს მასპინძლობს.