
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე. იგი შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი - 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი - თბილისი. სახელმწიფო ენა - ქართული.
1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.
ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.
1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება: 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის აკაკი ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას აღწერდა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. მიიღეს გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.
1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.