-
2014-06-26 15:22
ნატო-ს არ სურს, რუსეთის მხრიდან არსებული ზეწოლის გამო, ჩვენ ხელი აგვაღებინოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიაში ჯეიმს აპატურაიმ "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ის, რაც საქართველოს უკვე აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - ტექნიკური თვალსაზრისით სრულიად საკმარისი საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. წლიური ეროვნული პროგრამა და წევრობის სამოქმედო გეგმა თითქმის იდენტურია, ასევე ნატო-საქართველოს კომისია. დანარჩენ სამ ასპირანტ სახელმწიფოს ეს ფორმატი არ აქვთ. საქართველოს ტექნიკური საშუალებები აქვს, ასევე, დახმარების პროგრამები, სამეკავშირეო ოფისი. ეს ქველმოქმედება არ არის. საქართველოს წვლილი შეაქვს ნატო-ში", - განაცხადა აპატურაიმ.
ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ უელსის სამიტის საბოლოო დოკუმენტში ჩაიწერება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
"მე ველოდები, რომ კომიუნიკე იტყვის, რომ საქართველო რეფორმებით, შეტანილი წვლილით წინ მიდის წევრობის გზაზე. მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება არსებითი პაკეტის შესახებ არის ერთი, კომიუნიკეში დაფიქსირებული პოზიცია, მისი სიძლიერე კიდევ უფრო გაამყარებს მხარდაჭერას. ალიანსი ფიქრობს საქართველოს უსაფრთხოებაზე და არ სურს, რომ რუსეთის მხრიდან არსებული ზეწოლის გამო, ჩვენ ხელი აგვაღებინოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებიდან", - დასძინა ჯეიმს აპატურაიმ.