-
2014-06-13 15:55
გურიაში სტიქია ისევ გრძელდება _ დაზინებულია გზები, მილხიდები, საყანე ფართობები და საცხოვრებელი სახლები. ინფორმაციას ამის შესახებ "გურიანიუსი" ავრცელებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დაზიანებულია და დატბორილია საყანე ფართობები; დარეჯან კალანდაძის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული მთლიანად დატბორილია; რევაზ გიორგაძეს ელჭექმა ტექნიკა დაუზიანა; კოხნარში სტიქიის შედეგად დაზიანდა 7 სოფლის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ასევე დაზიანებულია შიდა გზები და გასაწმენდია სანიაღვრე არხები.
ანალოგიური მდგომარეობაა გუთურშიც. საჭამიასერში წყალდიდობის შედეგად წაღებულია საყანე ფართობები; პრობლემა შეექმნა საჭამიასერი-გორმაღალას ხიდს, რომელსაც საძირკველი დაუზიანდა; დაბლაციხეში წამოსულმა მეწყერმა დააზიანა ხიდები და გზები; მთლიანად დაზიანებულია და მწყობრიდან გამოსულია შიდა გზები; ამაღლებაში მთლიანად დაზიანებულია საუბნო გზები და წაღებულია 30 ჰექტარი ყანის ფართობი; ბუკისციხეში მედიკო სიხარულიძის და ჟორა სიხარულიძის საცხროვრებელ ეზოებში წამოსულია ზმეწყერი, კაკო სიხარულიძის ეზოსთან მისასვლელი გზა კი მთლიანად წაღებულია; ზომლეთში მეწყერია წამოსული და ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია ცენტრალური ხიდი და შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა; მეწყერია ჩამოწოლილი სოფელ ერკეთში, სადაც ასევე მოძრაობაა შეზღუდული; შიდა გზები და საყანე ფართობები დაზიანებულია შუა ამაღლებაშიც; ფარცხმაში დატბორილია ქსენია ბერიძის საცხოვრებელი სახლი; დაზინებულია ბიჭიკო კალნდაძის სახლის სახურავი და ხიდები; გორაბერეჟოულში საყანე ფართობის დატბორვის გამო ცენტრალურ გზაზე მოძრაობაა შეზღუდული; ანალოგიური სიტაციია ხევსა და ნაბეღლავშიც.
ჩოხატაურში დაზარალებულ მოსახლეობას გურიის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე შეხვდა:
"ძალიან ცუდი მდგომარეობაა ყველა სოფელში, როგორც ჩოხატაურში, ასევე ლანჩხუთსა და ოზურგეთშიც. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით ზარალის ოდენობაზე, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ წუთებში ვესაუბრე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს და მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ სამინისტრო ყანებს ხელახლა დახნავს და დათესავს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ გამოვნახოთ სახსრები, რომ მოსახლეობას ჩვენ შევიძინოთ სათესლე მასალა", _ ამბობს ჩხაიძე გამოცემასთან საუბრისას.