
„გზა“ - ასე ჰქვია ლიკა ციხისელის მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელშიც მთავარ როლს პრეზიდენტის მეუღლე ასრულებს.
„გზას“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „სესილი“ 3 ოქტომბერს აჩვენებენ.
როგორც ფილმის რეჟისორი ამბობს, სცენარი 10 წუთში დაიწერა, თანხის მოძიებას კი ორი წელი დასჭირდა და ფილმის გადაღებაც ამიტომ გაჭიანურდა.
„მაკას მიჰყავს ფილმი, მაგრამ მასში მონაწილეობენ: დუტა სხირტლაძე, ნატო ებანოიძე, ზურა ინგოროყვა, ბავშვები, ვალერიან სულაკაური. ფილმის სლოგანია: „ცხოვრება მაინც მშვენიერია“.
მე და მაკას დედა, მარინა გურაშვილი (მხატვარი) ახალგაზრდობაში ვმეგობრობდით. პატარა მაკაც კარგად მახსოვს, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, წლები გადის და ადამიანები ვეღარ ნახულობენ ერთმანეთს...
ორი წლის წინ კი სპეციალურად შევხვდი მაკას და ჩემი ჩანაფიქრის შესახებ გავანდე, რომ ფილმის გადაღება მინდოდა. სცენარიც გავაცანი, ძალიან მოეწონა, ზოგადად, მოკრძალებული ადამიანია.
თავს ყოველთვის კრიტიკულად აფასებს და თქვა, არ ვიცი, რამდენად შევძლებ ამას, თუმცა გმირი კი ძალიან მომწონს და იქნებ თქვენ დამეხმაროთ ამ როლის შექმნაში, ამხელა პასუხისმგებლობას მარტო ვერ ავიღებო. მაგრამ დაფინანსების საკითხი საშინლად გაიწელა და მაშინ მუშაობის დაწყება ვერ შევძელით...
... საშინელ სიცხეში, ფეხმძიმე ადამიანმა იმუშავა, ითამაშა. მოკლედ, არც მის ფემძიმობას და პირველ ლედობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია...
საოცრად ჭკვიანი ადამიანია, - მისი პრინციპი იყო, რადგან დაგვთანხმდა, საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა და ასეც მოხდა. თავგანწირვით იმუშავა.
... ისე, თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ იმ სიცხეში, ფეხმძიმე ქალს კოლგოტები ჩავაცვი, მაგრამ სცენამ მოითხოვა...
ფილმი, როგორც გითხარით, არის ყოველგვარი მახვილებისა და მითითებების გარეშე. ძალიან გამიმართლა, რომ მაკამ ჩემს ფილმში ითამაშა. ტყუილად არ ველოდებოდი მას... მხატვარი ხომ სერიოზულია და მსახიობიც ძალიან მაგარი აღმოჩნდა. ამასთან, მღერის კიდეც...
ჭონქაძეზე, ქუჩაში, ერთი დღე სიცხეში მუშაობა რომ გაგვიგრძელდა, ყველანი შევწუხდით, დავიღალეთ, მაკამ ვერაფერი მითხრა და იმ დროს სიმღერა დაიწყო. იქვე რაღაც მშენებლობა მიმდინარეობდა, მუშები საქმიანობდნენ, სიმღერის ხმაზე გამოიხედეს და თქვეს: ეს ჩვენი პრეზიდენტის ცოლი არ არის (იღიმის)?
ხანდახან დაღლილობისგან დაიყვირებდა, მე კი ვეუბნებოდი: პირველი ლედი ხარ და შენს სტატუსს ეს არ ეკადრება-მეთქი და მერე ამაზე ყველანი ვიცინოდით...
3 ოქტომბერს ველოდებით და მერე უკვე პრემიერის მოწყობაც შეიძლება და მისი ინტერნეტში ატვირთვაც...“- აცხადებს ფილმის რეჟისორი ლიკა ციხისელი.
ambebi.ge