
გადაცემაში "საუბარი რელიგიაზე" სტუმრობისთვის, საპატრიარქო სასულიერო პირებს „ზნეობრივ კომისიაზე“, სავარაუდოდ, განმარტებისთვის იბარებს.
საუბარს ახსნა–განმარტების მისაღებად, სავარაუდოდ, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე და მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა წარმართავენ.
ამის შესახებ „ტაბულა“ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის, სამების საკათედრო ტაძრის იღუმენის ათანასე სვანიძის სტატუსზე დაყრდნობით წერს, რომელიც სასულიერო პირმა facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა:
"რამხელა სიხარულია კაცო! საპატრიარქიში რომ გიბარებენ "ზნეობრივ" კომისიაზე. მე და მამა სერაფიმემ მომაკვდინებელი ცოდვა ჩავიდინეთ ტაბულაში მისვლით საუბარი რელიგიაზე" - წერს მამა ათანასე.
სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი გადაცემას მამა ათანასეს შემდეგ სტუმრობდა, რომელმაც მართლმადიდებელ ასურელთა ბედზე ისაუბრა საქართველოში. გადაცემა რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებას ისახავს მიზნად და ის ყოველ ოთხშაბათს, "ტაბულას" ეთერში 21:45-ზე გადის.