-
2014-09-08 14:12
რატი მილორავა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამტკიცებს, რომ დაჩი დარჩიას მკვლელობასთან მისი სახელის დაკავშირება ეკა ბესელიას ფაქტორის გამო მოხდა.
„ნამდვილად ტრაგედია მოხდა, ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა და ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ზოგიერთები ამ ტრაგედიას სათავისოდ იყენებენ და შანსს არ უშვებენ, ტალახი არ ისროლონ...
თბილისში საერთოდ არ ჩამოვსულვარ თვეზე მეტია. ამის გადამოწმება ძალიან მარტივია.
ჩემი ერთადერთი "დანაშაული" ის არის, რომ ეკა ბესელიას შვილი ვარ. სხვა დანარჩენი ამბებიც ისეთივე ტყუილია, როგორც იმ დღეს "სქაი ბარში" ჩემი ყოფნა, ან იმ საქმესთან ჩემი კავშირი.
ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩემ მიმართ ასეთი ინფორმაციების აგორება ხდება იმიტომ, რომ ამით დედაჩემს მიაყენონ დარტყმა, ეს პირდაპირ კავშირშია ეკას პოლიტიკურ საქმიანობასთან", - აცხადებს რატი მილორავა.
მისივე თქმით, იგი არც დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს იცნობდა.
„არასდროს მინახავს ის პიროვნება. მის შესახებ მეც მას შემდეგ გავიგე, რაც ეს ჭორი ააგორეს. თავიდან ვიფიქრე, ეშლებათ-მეთქი, ამიტომ მოვიკითხე ჩემს მეგობრებთან, ჩავთვალე, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები და მიზანმიმართულად არ იტყუებოდნენ, მაგრამ, როდესაც მოვიკითხე, საერთო ნაცნობიც კი ვერ გამოვძებნე. უკვე გასაგები გახდა, რომ ამ პიროვნებასთან ჩემი სახელის დაკავშირება მიზანმიმართულად ხდებოდა", - ამბობს რატი მილორავა.