
გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, არხი, რომელსაც გადაცემა „პროფილის“ წამყვანი გაუძღვება, უახლოს მომავალში ამოქმედდება.
გამოცემისვე ცნობით, ტელეკომპანია „იმედში“ 8-საათიან „ქრონიკას“ ლევან ჯავახიშვილის ნაცვლად თეა სიჭინავა წაიყვანს.
ჯავახიშვილი ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს და ამბობს, რომ ეს სიმართლეა, თუმცა თავად არსად არ მიდის.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, „მაესტროზე“ თოქშოუს კოკა ყანდიაშვილი წაიყვანს.
„მაესტროს“ შესახებ საუბარი მამუკა ღლონტმა არ ისურვა. მისი განცხადებით, ის რადიოს საკითხებშია ჩართული და ტელევიზიის ოფისში უკვე თვეებია, არც კი ყოფილა.
„რადიო „მაესტროს“ რაც შეეხება, ეს არის ლიდერი რადიო. ჩვენ დავიწყეთ ძალიან საინტერესო ახალი რუბრიკების კეთება, ეს არის საინფორმაციო ამბები, რუბრიკები, სამედიცინო ამბები, სამოგზაურო ამბები. გარდა ამისა, გვქონდა ძალიან კარგი ხანგრძლივი რუბრიკა „საქართველოს ისტორია“ და ამ მიმართულებითაც ვაპირებთ გაგრძელებას.
ახალი იქნება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიები, რომელიც პატარ-პატარა რუბრიკებად დაიყოფა. განსაკუთრებით სიახლე იქნება მანდილოსნებისთვის, იგივე სამზარეულოს თემებზე, ფარმაცევტიკაზე, თავის მოვლასთან დაკავშირებით“, – ამბობს „მაესტროს“ ხელმძღვანელი.