
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებას „კაზანტიპთან“ დაკავშირებით, „რესპუბლიკა კაზანტიპის“ პრეზიდენტი, ნიკიტა მარშუნოკი გამოეხმაურა.
„მთხოვენ კომენტარი გავაკეთო გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ კაზანტიპი ძალიან დაბალი დონის ფესტივალია.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უფრო ხარისხიანი ფესტივალის ჩატარება შეუძლია, ვიდრე კაზანტიპია.
როგორც „რესპუბლიკა კაზანტიპის“ პრეზიდენტმა, არ შემიძლია ყურადღების გარეშე დავტოვო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ეს სასაცილო განცხადება.
ჯერ ერთი, ჩვენ „ფესტივალი“ კი არა, დამოუკიდებელი რესპუბლიკა ვართ. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს გარემოება და მომავალში შეურაცხყოფა არ მიაყენოთ დიად კაზანტიპელ ხალხს.
სიტყვა „ფესტივალსაც“ რომ თავი დავანებოთ, გიორგი კვირიკაშვილმა იმ განცხადებაზეც უნდა აგოს პასუხი, რომლის თანახმადაც მან „რესპუბლიკა კაზანტიპს“ მდარე ხარისხის უწოდა.
საინტერესოა, რომელი მაჩვენებლებით ხელმძღვანელობდით და საიდან ასაზრდოებთ თქვენს „ცოდნას“ რესპუბლიკის შესახებ, რომელიც თვალით არ გინახავთ?
იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ თქვენ უკეთესის ჩატარებას თავად შეძლებთ, მაგრამ წყენას გვერდზე გადავდებ და სამომავლოდ ისევ დახმარების ხელს გამოგიწვდით.
და კიდევ ერთი, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მიმართ არსებული დიდი პატივისცემის გამო გაძლევთ უფლებას ბოდიში მოუხადოთ დიად კაზანტიპელ ხალხს და ინციდენტი ამოწურულად ჩავთვალოთ.
„რესპუბლიკა კაზანტიპის“ პრეზიდენტი
ნიკიტა I
ნიკიტა მარშუნოკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლებმა „რესპუბლიკა კაზანტიპის“ პრეზიდენტს მხარი აუბეს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მწარედ გააკრიტიკეს.
„მოდით, ნურავის მივაყენებთ შეურაცხყოფას და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავეთ. მინისტრიც ადამიანია და ისიც შეიძლება შეცდომაში იყოს შეყვანილი“, - მოუწოდა „ფეისბუქ-მეგობრებს“ „რესპუბლიკა კაზანტიპის“ პრეზიდენტმა.