-
2014-08-29 19:33
გადაცემა „ადრენალინის“ გამარჯვებული ტელეწამყვანი სამორი ბალდე გახდა, რომელსაც დამატებით 20000 ლარი შესთავაზეს, თუ სამ „საყვარელ“ ცოცხალ გველს ორ წუთში შეჭამდა თავების გარეშე.
სამორიმ უარი თქვა გველების შეჭმაზე და 50000 ლარს დასჯერდა.
ფინალისტთა შორის მოცეკვავე სალომე ჭაჭუაც მოხვდა. გამარჯვების შემთხვევაში სალომე მანქანის ყიდვას აპირებდა.
თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ სალომემ პროექტი თავისი სურვილით დატოვა. მოცეკვავემ მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტომა რამდენჯერმე სცადა. შესაბამისი აღჭურვილობა მოირგო, მაგრამ ფანჯრის რაფაზე მდგომი უკან ჩამოვიდა.
მისი დარწმუნება იმაში, რომ მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტომაში საშიში არაფერი იყო, ვერავინ მოახერხა.
წინა დღეს დავალების შესრულებისას სალომე მეექვსე სართულიდან უპრობლემოდ გადმოხტა. მეუღლის გამხნევებას გიორგი ვარდოსანიძეც შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ, სალომემ შიში ვერ დაძლია.
იმის გასარკვევად, თუ რა ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა სალომე ჭაჭუას, „რეიტინგი“ „ადრენალინის'' გადაცემის პროდიუსერს, ქეთი მიქანაძეს დაუკავშირდა.
„მონაწილეებთან დადებულ კონტრაქტში წერია, რომ თავისი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში 5000 ლარით დაჯარიმდება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ერთხელ მაინც შეეცდებოდა დავალების შესრულებას და არ გამოუვიდოდა, აღარ გადაიხდიდა ჯარიმას.
შესაბამისად, სალომე ამ შემთხვევაში აბსოლუტურად თავისუფალია და ჯარიმის გადახდა არ მოუწევს,- აღნიშნა მან.
reitingi.ge