
დიდი ხნის ძებნის შემდეგ სალომე ჭაჭუას უკრაინიდან ჩამოუვიდა მეწყვილე, რომელთან ერთადაც საქართველოს სახელით ასპარეზობა უკვე დაიწყო.
„მაქსიმ რიჟიკოვი უკრაინელი მოცეკვავეა, ოდესიდან.
უკრაინის ჩემპიონატის ფინალისტია და ეს იმ ქვეყანაში ძალიან დიდი წარმატებაა. ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი.
პირველივე გაკვეთილიდან კარგად მოვერგეთ და შევეწყვეთ. უკვე სამი თვეა, აქ არის.
ჩემს სტუდიაში ერთ-ერთი ქორეოგრაფია, თან, სულ ერთად ვვარჯიშობთ და, შესაბამისად მის ხასიათსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რომ იტყვიან ხოლმე – კარგად აღზრდილი.
3 იანვარს რუსეთში „ზბორებზე“ წავედით და 12-ში ჩამოვედით. დიდი გამოცდილება მივიღე და, ცეკვის მხრივ, დიდი ნაბიჯები გადავდგი. აღფრთოვანებული ვარ, რადგან, ძალიან ძლიერ ტრენერებთან ვემზადებოდით, მსოფლიოს ჩემპიონებთან.
შეკრებაზე 100 წყვილი იყო. პირველ დღეს – არაფერი, მეორე დღიდან კი ყველა ტრენერი სათითაოდ მოდიოდა: საიდან ხართ, ვინ ხართო, – მოვეწონეთ. რომ იგებდნენ, რომ საქართველოდან ვიყავი, მეწყვილე კი უკრაინელი მყავდა, უკვე მე მეკითხებოდნენ – ცეკვა ვინ გასწავლაო.
რუსეთიდან ესპანეთში გვინდოდა ტურნირზე გამოვსულიყავით, მაგრამ, არ მომცეს შენგენის ვიზა და ვერ მოვასწარი წასვლა. იმედია, ოდესმე მომცემენ შენგენის ვიზას. ამიტომ, უცბად გადავწყვიტეთ და რუსეთში 10 იანვარს გამოვედით საერთაშორისო ტურნირზე.
108 წყვილიდან მეთხუთმეტე ადგილზე გავედით – ეს საკმაოდ კარგი შედეგი იყო: ჯერ ერთი, ახალი წყვილი ვართ; პლუს, მოსკოვში ავიღეთ; თან, დიდი კონკურენცია იყო – „ვარსკვლავიანი” წყვილები მონაწილეობდნენ.
„ვარსკვლავიანი” წყვილები არიან ისინი, ვინც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 50-ეულში შედიან. იქ ყოველ შაბათ-კვირას ტურნირია და ძალიან უნდა მოეწონო, რომ მაყურებელმა ტაში დაგიკრას. ალბათ, მოეწონათ ჩვენი ცეკვა, რადგან ტაშს გვიკრავდნენ და სტიმულს გვაძლევდნენ. თებერვლიდან გვინდა, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას წავიდეთ ტურნირზე.
გიორგი ძალიან მგულშემატკივრობდა; თან, ხედავდა, რომ მეწყვილის არყოლის გამო ძალიან ვიტანჯებოდი და, რომ გამოჩნდა, მასაც ძალიან გაუხარდა. გვერდში მიდგას, ჭკუაზე არ არის. ძალიან მოსწონს მაქსი და დამეგობრდნენ, რადგან, პიროვნულად კარგი ადამიანია, ჩემი სტუდიის ბავშვებიც გიჟდებიან, მაქსი რომ მოდის ეპრანჭებიან – ცისფერთვალება, ქერა ბიჭია და ჩემი გოგონები ჭკუაზე არ არიან.
გიორგი, როცა მოახერხებს, აუცილებლად გამომყვება ტურნირებზე და მიგულშემატკივრებს. მასაც აქვს ამის სურვილი და მეც ძალიან მინდა – სტიმული იქნება ჩემთვის.
მან თავიდანვე იცოდა, რომ ეს ჩემი პროფესიაა და შეკრებებზეც საჭიროა წასვლა, ამიტომ, არანაირად არ ყოფილა წინააღმდეგი – გიორგის არ სჭირს ასეთი რაღაცეები. დიდი სურვილი მაქვს და ჩემი მიზანია, ორმოცდაათეულში მოვხვდე, არ მაქვს იმის ამბიცია, რომ მსოფლიო ნახევარფინალში გავიდე.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგვარდა. თურმე, თიაქარი არ მქონია. აგვისტოს ბოლოს გადავიღე ტომოგრამა. მითხრეს, თიაქარი ერთი მილიმეტრით გაგეზარდა, თან, დისპლაზია გაქვსო. საგონებელში ჩავვარდი, მეგონა, ვეღარ ვიცეკვებდი.
გადავგზავნე დიაგნოზი გერმანიაში და სამ დღეში მომივიდა პასუხი: არანაირი თიაქარი და დისპლაზია არ მჭირს, ეს არის პროფესიული ტრავმა. ცეკვაში საერთოდ არ მიშლის ხელს, უბრალოდ, როცა ცალკე ჯაზს ან სხვა რამეს ვმეცადინეობ, კაუჩუკისძირიან ბოტასებს ვიცვამ, რომ ხტომით არ გავართულო და სპეციალურ ვარჯიშებსაც ვაკეთებ,“ - აცხადებს სალომე ჭაჭუა.
„თბილისელები“