
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, 28 ივნისს რუსულ გაზეთ ,,იზვესტიისთვის,, მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა სირიაში ,,ისლამური სახელმწიფოს,, დედაქალაქად წოდებული რაქა და ქალაქი მანბიჯი თავის კონტროლქვეშ მოაქციოს.
ერდოღანი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ რაქას, აშშ-ს კოალიცია და სირიაში მათი მოკავშირე ქურთების დემოკრატიული ძალების შეიარაღებული დაჯგუფებები (PYD და YPG) უტევენ და შესაძლებელია ეს ტერიტორია ცოტა ხანში მათ საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადონ.
,,სირიაში ახლა ცუდი სიტუაციაა. ჩვენ უფლებას ვერ მივცემთ, რომ სირიის ჩრდილოეთით ქურთების ახალი სახელმწიფო შექმნან. ამის უმცირესი საფრთხეც რომ გაჩნდეს, ჩვენ მზად ვართ ,,ევფრატის ფარის,, მსგავსი ოპერაცია განვახორციელოთ და რაქასთან ერთად ქალაქი მანბიჯი კონტროლქვეშ მოვაქციოთ.
ჩვენ ადრეც მზად ვიყავით რაქას განთავისუფლებაში მიგვეღო მონაწილეობა კოალიციასთან ერთად, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ქურთების ტერორისტულ დაჯგუფებებთან პარტნიორობა ამჯობინეს ,, განაცხადა ერდოღანმა.
აღსანიშნავია, რომ ქურთების დემოკრატიული ძალების შეიარაღებული დაჯგუფებები PYD და YPG, რომელსაც თურქეთი თავის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება PKK-ს მოკავშირედ მიიჩნევს, ერთადერთი ძალაა სირიაში, რომელიც როგორც ასადის რეჟიმს ასევე ,,ისლამურ სახელმწიფოს,, ტერორისტებს წარმატებულად ებრძვის.
სირიელი ქურთების შეიარაღებულ ძალებს, რომელზეც ერდოღანის ხელისუფლება შეტევის განხორცელებით იმუქრება, პენტაგონი და მისი NATO-ელი მოკავშირეები, დემოკრატიულ ძალად და ერთადერთ საიმედო პარტნიორად განიხილავს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, მათზე თავდასხმის ფაქტს კი - საკუთარ შეიარაღებული ძალების საფრთხედ მიიჩნევს, რისი დადასტურებაც, მათთვის ერთი თვის უკან დიდძალი შეიარაღების გადაცემა და ერთი კვირით ადრე, ამერიკული ავიაციის მიერ ასადის რეჟიმის რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება გახლდათ, რომელიც ქურთების პოზიციებს საფრთხეს უქმნიდა.