-
2016-06-05 18:31
ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 11 დაიჭრა ყაზახეთის ქალაქ აქტობეში (ყოფილი აკტიუბინსკი) ქუჩაში გამართული სროლის შედეგად, რის შემდეგაც ქალაქში დამატებითი ძალები გაიგზავნა და კონტრტერორისტული რეჟიმი ამოქმედდა.
როგორც სააგენტოები იტყობინებიან, დაპირისპირება ერთდროულად დაიწყო ქალაქის სამ სხვადასხვა უბანში, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა იარაღების მაღაზიას, პოლიციის განყოფილებასა და ეროვნული გვარდიის ნაწილის დისლოკაციის ადგილს, სადაც მძევლები აიყვანა.
ნაცგვარდიის ნაწილზე შეტევის მოგერიების დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდამსხმელთაგან ერთი დაკავებულია, სამი - ლიკვიდირებული, ერთი დაჭრილი. სპეცოპერაცია ჯერაც მიმდინარეობს. ქალაქში მცხოვრებლებს სთხოვენ, არ გამოვიდნენ ქუჩაში, უკვე მოხდა საჯარო თავშეყრის ადგილებში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია.
ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები "სხვადასხვა რელიგიური მიმართულების რადიკალებს" წარმოადგენენ. ასევე, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელთა ნაწილი ბლოკირებული და ალყაშემორტყმულია ქალაქის სხვადასხვა წერტილებში, ნაწილმა კი მიმალვა მოახერხა.