
მთიან ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებთან დაკავშირებით, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხრიდან, თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავითოღლი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.
ინფორმაცია შემდგარი საუბრის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ დავითოღლიმ ილჰამ ალიევს პროვოკაციის წარმატებულად აღკვეთა მიულოცა და შემდგომში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, თურქეთის პრემიერმა მწუხარება გამოხატა მსხვერპლის გამო, რაც შეტაკებას მოჰყვა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობის მეთაურს და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის არმიამ საკადრისი პასუხი გასცა სომხური მხარის პროვოკაციას.