
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰანოვერის სტადიონზე აფეთქება სასწრაფო დახმარების მანქანაში დამონტაჟებული დისტანციური ნაღმით იგეგმებოდა, გერმანიისა და ქვემო საქსონიის შს მინისტრებმა უარყვეს. ინფორმაცია დანაღმული სასწრაფოს შესახებ "მირორმა" და "დოიჩე ველე სპორტმა" გაავრცელეს.
შს მინისტრმა განაცხადა, რომ ამხანაგური შეხვედრა გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის აფეთქების საშიშროების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებამდე მისული ინფორმაციის შედეგად გადაიდო. მისივე თქმით, ინფორმაციას შეტყობინების სახე ჰქონდა: "ჩვენ არ გვინდა, ტერორისტებს მათი გეგმების განხორციელების შანსი მივცეთ, მატჩი ჩემი რეკომენდაციით გადაიდო", - განაცხადა შს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა.
ამავე დროს, ქვემო საქსონიის შს მინისტრმა კონკრეტულად განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა არაა ნაპოვნი და ამ დრომდე არც არავინ დაუკავებიათ. შეგახსენებთ, მატჩი სასტარტო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე გადაიდო, როცა ადგილობრივმა დიქტორმა მაყურებლებს ამცნო: "სამწუხაროდ, მატჩი გადადებულია, გთხოვთ, დატოვოთ სტადიონი პანიკის გარეშე. არ არსებობს არანაირი უშუალო საფრთხე, უბრალოდ, გთხოვთ, წაბრძანდეთ სახლებში".