
დაახლოებით ერთი საათია, მოსკოვთან ახლოს, მალახოვკაში დრამა ტრიალებს: 53 წლის ადგილობრივი მცხოვრები იური კონდაკოვი საკუთარ ბინაშია შეკეტილი და იმუქრება, რომ ცოცხალი არ ჩაბარდება. ცნობილია, რომ ის შეიარაღებულია და მძევლად საკუთარი დედა და მეგობარი ჰყავს აყვანილი.
კონდაკოვმა 12 აპრილს დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანით იმავე ბინაში სიცოცხლეს გამოასალმა კიდევ ერთი ნაცნობი, როგორც რუსული მედია წერს, თანამესუფრე, რომელიც მისი დაბადების დღის აღსანიშნავად თავადვე მიიწვია - კონდაკოვს დღეს შეუსრულდა 53 წელი.
საოცარი ისაა, რომ მალახოვკაში კონდაკოვს იცნობენ, როგორც მოწესრიგებულ მამაკაცს: ის ერთერთი ადმინისტრაციის მძღოლი იყო და, როგორც ამბობენ, 15 წელია, წვეთი ალკოჰოლი არ მიუღია. 12 აპრილს მან კუიბიშევის ქუჩაზე, საკუთარ, მაღალმესერშემოვლებულ სახლთან ახლოს, მარკეტში ნახშირი და ლავაში, ასევე სპირტიანი სასმელები იყიდა, ხოლო დაბადების დღის აღსანიშნავად დედა და ორი მეგობარი დაპატიჟა.
რა მოხდა შემდეგ, თვითმხილველები ჰყვებიან. სნაიპერული შაშხანიდან გასროლით მან მოკლა მისი ერთერთი მეგობარი და დაჭრა მეორე, შემდეგ კი განაცხადა, რომ არ ჩაბარდება ცოცხლად და დახოცავს ორივე მძევალს - დედას და მეგობარს. სახლს ალყა შემოარტყეს პოლიციელებმა. სპეცრაზმმა ერთხელ სცადა, შტურმით აეღო საცხოვრებელი სახლი და ამისთვის დაჯავშნული მანქანა გამოიყენა, მაგრამ კონდაკოვმა შაშხანიდან ზუსტი გასროლით მანქანის საბურავი ჩაფუშა, რამაც, საბოლოოდ, სპეცოპერაცია ჩაშალა. კონდაკოვის ვაჟიშვილმა მეგაფონით სცადა მამის დარწმუნება, რომ ჩაბარებოდა და შეეწყვიტა სროლა, მაგრამ მამა შვილის წინადადებას არ გამოხმაურებია.
მოგვიანებით კონდაკოვი მაინც დაიყოლისე, რომ მოხუცი დედა მძევლობიდან გაეთავისუფლებინა. დედამ თქვა, რომ მისი შვილი "სასტიკად დათვრა" და სწორედ ამან გამოიწვია მისი არაადეკვატურობა.
თბილისის დროით 21:20 სთ-ზე, "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ცნობით, სახლში პოლიციამ ორი ხელყუმბარა შეაგდო. საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. შეგახსენებთ, დედის გამოშვების შემდეგ კონდაკოვს კიდევ ერთი ადამიანი ჰყავს მძევლად.