კვირას, ორ აპრილს კიევში, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე საქართველოს საელჩოს შენობის პიკეტირებას იწყებენ უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი მოთხოვნაა, საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.
საპროტესტო აქცია-პიკეტს მაიდნის პრესცენტრი აანონსებს. აქციის ორგანიზატორია ანტიდიქტატორული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ორგანიზაციები შედიან. პიკეტი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც აქციის ანონსშია ნათქვამი, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას გისოსებს მიღმა ჰყავს გამომწყვდეული პოლიტპატიმრები: ბაჩანა ახალაია, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ შამათავა, მიკაილ კადიევი, ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი, გიორგი ცააძე, კობა თოდუა, ალექსანდრე ღონღაძე და სხვები.
ანტიდიქტატორულ ჯგუფში შედიან: ბალტია-შავი ზღვის ერთა ალიანსი; მაიდნის ინტერნაციონალური ლიგა; წინააღმდეგობის თავისუფალი სკოლა, კიევი; ახალგაზრდული ნაციონალური კონგრესი; უნა-უნსო.