-
2014-11-01 22:48
გალის რაიონში ბოლო დროს გართულებული სიტუაციის გამო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება, იქ დამატებითი ძალები გაგზავნოს. საუბარია, ძირითადად, სპეცდანიშბნულების რაზმებზე, რომლებმაც კრიმინალი უნდა აღკვეთონ.
მილიციის რაზმები გალის რაიონში 28 ოქტომბერს გადაისროლეს, მაგრამ ამის მიუხედავად, კრიმინოგენური მდგომარეობა არ გამოსწორებულა. მაგალითად, სოფელ თაგილონიდან 55 წლის მამაკაცი გამოსასყიდის მიღების მიზნით სწორედ დამატებითი ძალების შესვლის შემდეგ გაიტაცეს, ხოლო გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში როლანდ ბუთბაია ნიღბიანმა პირებმა 28 ოქტომბერს გაიტაცეს.
55 წლის ემზარ ეთერია დღეს საკუთარ ჭიშკართან სასტიკად ნაცემი დააგდეს, რის სემდეგაც ოჯახის წევრებმა ის ზუგდიდში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს - გარდაცვალების მიზეზი თავში, სავარაუდოდ, ავტომატის კონდახებით მიყენებული ჭრილობებია.
შედარებით გაუმართლა ემზარ ბუთბაიას, რომელიც გამტაცებლებმა დღეს სახლში უვნებლად დააბრუნეს. გალის რაიონში დამატებითი ძალები კიდევ ორ კვირას დარჩებიან, განიხილება კიდევ რამდენიმე შენაერთის გალის რაიონში გაგზავნის საკითხიც.