
კულუარული ინფორმაციით, კიწმარიშვილის საქმეზე, თუკი გამოძიებამ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი გადააკვალიფიცირა, არ არის გამორიცხული „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის გარემოცვიდან ვინმე დააკავონ.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა არაერთი დეტალი გაჟღერდა, რომელიც ამ ვერსიას თავდაყირა აყენებს.
ერთ-ერთი ისაა, რომ ავტომობილში გარდაცვლილი კიწმარიშვილი ღვედშეკრული იყო და თუ კი თავის მოკვლას აპირებდა, ეს მდგომარეობა ალბათ ლოგიკური არ იქნებოდა, რადგან მომზადებული იყო ფარეხიდან ავტომობილის გასაყვანად.
კიდევ ერთი დეტალი - ექსპერტიზის პირველადი დასკვნით იარაღზე, რომლითაც მას საფეთქელის არეში მიბჯენით აქვს ნასროლი, სისხლის კვალი არ არის აღმოჩენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დღის დარეგისტრირებული იარაღის გარდა, კიწმარიშვილს დაურეგისტრირებელი იარაღი ჰქონია და თუ კი თავის მოკვლას აპირებდა, ამისთვის ახალი იარაღის ყიდვაც ლოგიკურად არ უნდა დასჭირვებოდა.
კიდევ ერთი ვერსია - კიწმარიშვილის მეგობრის ბადრი ნანეტაშვილის ინფორმაცია, რომ ახალი იარაღი ეროსის მისი ძმისთვის დაბადების დღის საჩუქრად უნდოდა, არც ისე დამაჯერებელი გახდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ ზურაბ კიწმარიშვილს დაბადების დღე 4 ივლისს ჰქონდა და ათი დღის მერე ძმისგან საჩუქარი არასდროს მიუღია, მით უმეტეს, ზურას იარაღი საერთოდ არ აინტერესებდა.
იცავდა თუ არა ახალი იარაღის ყიდვით ეროსი კიწმარიშვილი ვინმესგან თავს? - მისი მეგობარი ბადრი ნანიტაშვილი ამბობს, რომ მასთან გარდაცვალების წინა დღეს შეხვედრაზე მსგავსი არაფერი თქმულა.
ასევე, გავრცელდა ფოტო, მეზობლის სათვალთვალო კამერის ჩაწერილი ვიდეომასალიდან, სადაც ეროსი კიწმარიშვილს მაისური აცვია. ფოტოზე მითითებულია, რომ კიწმარიშვილი ფარეხში ჩადიოდა, სადაც რამდენიმე საათში ის გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილ კიწმარიშვილს კი პიჯაკი ეცვა.
მეზობლის კამერაში ისიც ჩანს, რომ კიწმარიშვილის თანაგუნდელი, გიორგი ხევიაშვილი 16:00 საათზე, მართლაც მიდის ეროსისთან სახლში თანმხლებ პირთან ერთად. შემდეგ კი, რაკი ტელეფონს არ პასუხობდა და სახლის კარი არავინ გაუღო, შეამოწმა, წასული იყო თუ არა ავტომობილით, ჩავიდა ფარეხში, სადაც ერთ-ერთმა პირველმა გარდაცვლილი კიწმარიშვილი ნახა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია - კიწმარიშვილს ავტომობილში 20 ათასი დოლარი ედო, რომელიც რუსთავის მერის არჩევნების კამპანიის მონაწილეებისთვის იყო განკუთვნილი. ეს თანხა კი, ხევიაშვილს უნდა წაეღო და დაერიგებინა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვალების შემდეგ, კიწმარიშვილის ავტომობილში ეს თანხა აღარ იყო.
http://www.ambebi.ge/samartali/106750-erosi-kitsmarishvilis-garemocvidan-shesadzloa-erthi-piri-daakavon-gamodziebis-akhali-detalebi.html