
ბორის აფაქია, იგივე „აფაქელა“, ვლადიმირ ჯიბლაძე, იგივე „მამულო“, ვალერი ხაშბა და ქართულ-აფხაზური კრიმინალური სამყაროს სხვა ავტორიტეტები ახალ ათონში 12 ივნისს შეიკრიბნენ, სადაც „ქურდული თავყრილობა“, ე.წ. „სხოდკა“ გაიმართა.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, „კანონიერ ქურდებს“ დიდხანს ბჭობა არ დასცალდათ - მილიციამ თავყრილობა ჩაშალა. ამასთან, სამართალდამცველებმა შვიდი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს: აფაქელა, ხაშბა, პიზა, ნანიკი, თემო, ასტიკი და ხასიკი.
დაკავებულთაგან აფაქელა და ხაშბა მალევე გაათავისუფლეს, ახალგაზრდები კი სოხუმში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონი, „კანონიერი ქურდების“ რაოდენობის გადაანგარიშებით ერთ სულ მოსახლეზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზეა.
ფოტოზე: ბორის აფაქია (აფაქელა), ვლადიმირ ჯიბლაძე (მამულო) და ვალერი ხაშბა (პრაიმკრაიმის მიხედვით)