-
2014-06-11 15:59
ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართლდამცავები არიან მობილიზებული. ოფისის წინ აქციას მართავენ 2008 წელს დაკარგული რეინჯერის დავით ცინდელიანის ოჯახის წევრები, ისინი ცდილობენ ოფისში შესვლას და თენგიზ გუნავასთან შეხვედრას, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.
აქვე იმყოფებიან პაატა ქარდავას ოჯახის წევრებიც. შეგახსენებთ, რომ პაატა ქარდავას მკვლელობის გახსნილად გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში მეტყევე-რეინჯერ დავით ცინდელიანის გაუჩინარების საქმეც გახსნილად გამოცხადდა.
რეინჯერი მოკლულად გამოცხადდა, ბრალი ამ საქმეშიც ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე დაკავებულ რომან შამათავას წაუყენეს. ამის შემდეგ თენგიზ გუნავა ვარაუდობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, ზუგდიდში მალე დავით ცინდელიანის ოჯახის წევრებიც გამოჩნდებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით ცინდელიანის გაუჩინარების საქმე გახსნილად 10 ივნისს გამოაცხადა.
„რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა. ცოტახანში ისინი შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე. რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. შემდეგ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.
რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.