-
2014-06-11 12:08
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აქვეყნებს ორი სხვადასხვა მანქანის ფოტოს და წერს, რომ ერთით თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ოთო ბაზაძე გაიტაცეს, მეორით კი მათ უთვალთვალებდნენ. ორივე ავტომანქანას ერთი და იგივე სახელმწიფო ნომერი აქვს.
"მეგობრებო!!! უფრთხილდით ამ (LLK-073) ნომრიან ჯიპებს, ამ მანქანებით ადამიანებს იტაცებენ!!!... X5 -ით დღეს ოთო ბაზაძე გაიტაცეს, ჰონდათი ჩვენ გვითვალთვალებდნენ ამას წინათ, ვერ მოგვიტაცეს, უბრალოდ...", - წერს ანი ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ვერ პოულობდნენ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს ოთო ბაზაძეს, რომელიც ფოტოზე გამოსახული ნომრით მოძრავი ჯიპით გაიტაცეს.
მისივე ინფორმაციით, როცა გატაცების შესახებ 112-ში დარეკეს და ფაქტი უთხრეს, თანაც, გატაცებული პიროვნების ვინაობაც დაასახელეს, იქედან უპასუხეს: „ნუ ნერვიულობთ, დაკითხვაზე იქნება“.
მოგვიანებით, მართლაც ასე მოხდა: ე.წ. მოდულის შენობასთან ჟურნალისტების მისვლის შემდეგ გაუჩინარებულმა ბაზაძემ დარეკა და მეუღლეს უთხრა, რომ ე.წ. მოდულის შენობაში, დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა, იქ ადვოკატი მაინც არ შეუშვეს.
ოთო ბაზაძის გატაცებამდე ცოტა ხნით ადრე ანი ნადარეიშვილმა გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მათ ცრუ ჩვენებები გამოსძალონ:
„სერიოზული მუშაობა მიდის ბაჩოს საქმის კერვის ამბავში, ქუჩაში შავი ჯიპებით დასდევენ ადამიანებს და მიყავთ მოდულში ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, იქ რაც ხდება მოგეხსენებათ (შალვა თათუხაშვილი გაიხსენეთ); ციხეებში არნახული ზეწოლა მიდის იმ ადამიანებზე, რომლებიც სწორედ იმიტომ დაიჭირეს, რომ მათ არ მისცეს ცრუ ჩვენება ბაჩო ახალაიაზე!“, - წერს ანი ნადარეიშვილი.
