
ლევან ბუხაიძე იმ შემზარავ ტრაგედიას, რომელმაც მთელი საქართველო ააფორიაქა, წლების შემდეგაც უემოციოდ ვერ იხსენებს.
„2006 წლის 27 იანვარს„შარდენ-ბარში“ მისვლამდე, მე, სანდრო და ჩვენი მეგობრები ბარ „კაიზერში“, სიონის ეკლესიასთან ახლოს, ნინოობას აღვნიშნავდით. ბარიდან რომ გამოვედით, სანდრომ მეგობარ გოგონას, თათია მაისურაძეს დაურეკა, რომელიც „შარდენ-ბარში“ იყო და იქ მივედით ყავის დასალევად... სანდრო თათიას დაელაპარაკა, რის შემდეგაც ბარიდან წამოვედით...
კონფლიქტს მე არ შევსწრებივარ, საპირფარეშოში გავედი... 12 გრადუსი ყინვა იყო და მანქანები აღარც დადიოდა. მალე ML-ის მარკის ვერცხლისფერი ჯიპი წამოგვეწია, გადმოხტნენ, ხელები გადაგვიგრიხეს და მანქანაში ჩაგვყარეს. გვითხრეს, პოლიციის თანამშრომლები ვართო.
საბუთები და მობილურები ჩამოგვართვეს და ოქროყანაში აგვიყვანეს. გზაში სანდრომ იკითხა, სად მიგყავართ, აქეთ განყოფილება არ არისო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ერთმა გაარტყა. მიგვიყვანეს სასაფლაოზე და პირდაპირ ცემა დაგვიწყეს. ცალ-ცალკე...
მირტყამდნენ ხელებს, წიხლებს და იარაღის ტარს. ერთხანს ჭკუა გადამეკეტა, წინააღმდეგობას ვუწევდი, წამოდგომა ვცადე და ჩემს დასაშოშმინებლად გერონტი ალანიამ ჰაერში გაისროლა... ბოლოს, როცა ნაცემი ძირს დამაგდეს, ვიღაცამ დაიძახა სანდროზე, გაიქცაო, რაზეც ალანიამ უპასუხა, გამოსირებულები რომ ხართ, იმიტომ გაიქცაო.
სანდროს ლანდი არ დამინახავს, არც გაქცევის ხმა გამიგონია. მოძალადეებმა ტანსაცმელი გამხადეს და ყველა ერთად მცემდა, ძირითადად, სახეში მირტყამდნენ. ერთმა ტელეფონი მომანათა სახეში - ალბათ, ფოტო გადამიღო. გულზე ჯვარი და ხატი მეკიდა და ალანიამ მითხრა, ცოცხალი რომ ხარ, ამ ჯვარს და ხატს უმადლოდეო და წავიდნენ...
წელი ძლივს ავითრიე და ფორთხვით ამოვედი ზემოთ, ტანსაცმელს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე, ეტყობა, წაიღეს. ფეხშიშველმა ძლივს გამოვაღწიე სასაფლაოდან...
გზადაგზა ვეძახდი სანდროს, მაგრამ ხმა რომ არ გამცა, ვიფიქრე, ალბათ, თავს უშველა-მეთქი. შიშველს ორმა მანქანამ ჩამიარა, მაგრამ ასეთ ყინვაში მაისურისა და საცვლის ამარას არ გამიჩერეს. ავტოგასამართ სადგურს მივადექი, კარი დაკეტილი დამხვდა და ვერანდაზე ავედი. იქ მუყაო ვიპოვე და ცოტა ხანს იმაზე დავდექი...
ფანჯარაში შევნიშნე, რომ პირველ სართულზე სპირალიანი გამათბობელი ენთო, მივხვდი, ვიღაც იყო შიგნით. ჩამოვედი და კარზე ვაბრახუნე. მოხუცმა დარაჯმა გამიღო. ავუხსენი, დაგვაყაჩაღეს, გთხოვთ, დამარეკვინეთ-მეთქი. ტელეფონი არა მაქვს და ვერც პოსტს დავტოვებო, მითხრა. მერე მოხუცმა პლედი მომახურა და გავითიშე...
დილით გზაზე ვიღაც მამაკაცი გამოვიდა, გამოვართვი მობილური და პატრულს დავურეკე. ჩამიყვანეს პოლიციაში. მათაც ვუთხარი, მე და ჩემი მეგობარი დაგვაყაჩაღეს-მეთქი, ვინაიდან არ ვიცოდი, რა მოხდა... დავიწყეთ სანდროს ძებნა, მეგობრებთან, ახლობლებთან, შემდეგ საავადმყოფო გადავამოწმეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ბოლოს ჩვენი მეგობრები ავიდნენ ოქროყანაში და ცხედარი ტყეში იპოვეს...
ჭრილობები ჰქონდა ყელის არეში, პარალელური ნასერი ჭრილობები როგორც ტანზე, ისე მკლავებზე... სხვა ვერსიებთან ერთად, პოლიცია დანაშაულის დაფარვის ვერსიაზეც მუშაობდა და ამ ბრალდებით დამაკავეს. ორი დღე იზოლატორში გავატარე. მერე რამდენიმე ჩვენება მივეცი. პირველ ჩვენებაში დავწერე, დაყაჩაღების მიზნით გაგვიტაცეს და გვცემეს-მეთქი (თავიდან ასეც მეგონა)...
მე მხოლოდ ალანია ამოვიცანი, დანარჩენებს გამოძიებამ დაადო ხელი...
იმ ღამით ყველაზე მკაფიოდ დამამახსოვრდა ალანია და ვერცხლისფერი ML-ის ჯიპი... “ - ყვება ლევან ბუხაიძე.
„კვირის პალიტრა“