-
2014-06-09 15:17
რამდენიმე დღის წინ გორში, გვიან საღამოს, ერთ-ერთ სადარბაზოსთან მძიმედ დაშავებული გოგონა იპოვეს. ლელუკა ვანიშვილს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა და ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული.
გოგონას დედის, გულიკო ბერიძის თქმით, ლელუკა სასტიკად არის ნაწამები, წელს ქვემოთ, ფაქტობრივად, დაჩეხილია.
„ლელუკას სახლში უთქვამს, მარისთან მივდივარო, მარისთვის კი მიუწერია შეყვარებულს სად ხვდებოდა. ზუსტად ემთხვევა იმ ადგილს, სადაც ჩემი შვილი დაშავებული იპოვეს. ბოლო დროს ნაჩხუბრები იყვნენ. გოგოა, ბევრ ბიჭს მოსწონდა და მისი შეყვარებული მურად თოფჩიშვილი ეჭვიანობდა... დავადგინეთ, რომ იმ კორპუსში, სადაც ჩემი შვილი იპოვეს, თოფჩიშვილის ნათესავების დაკეტილი ბინაა და იმ ბინის გასაღები მათ აქვთ...
გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი იაგო საური და თოფჩიშვილის მამა, მურადი (ჯაგა) თოფჩიშვილი, მეგობრობენ, ერთად აქვთ ხეტყის ბიზნესი. პირველ დღეს გამომძიებელი ბექა ბეჟანიშვილი მოვიდა და გამწარებულ დედას მითხრა, ახლა არ გინდათ ამ ამბის გახმაურება, გოგოა, სახელი არ გაუტყდესო...
ექიმებმა ისიც თქვეს, დაზიანებები ვარდნისგან აქვს მიღებულიო. შესაძლოა, ზემოდან გადმოაგდო დამნაშავემ. ჩემი შვილი რომ დაღუპულიყო, იტყოდნენ, თვითმკვლელობა მოხდაო და საქმეს დახურავდნენ...
მოძალადე სპორტსმენია და ეტყობა, მოერია. ჩანს, თოკითაც ათრია, რადგან ყელის არეს ეტყობა ნახახუნები და ერთ მხარეს გადაჭრილიც აქვს. ეტყობა, წიხლებსაც ურტყამდა, წელს ქვევით 6 მოტეხილობა აქვს..
„კვირის პალიტრასთან“ საუბარში მურად თოფჩიშვილის მამა აცხადებს, რომ არც გორის პოლიციის სამმართველოს უფროსს იცნობს და არც ხეტყის ბიზნესი აქვს.
„გაირკვა, რომ იმ დღეს ჩემი შვილი გოგონას არც შეხვედრია. 5 პედაგოგთან ემზადება, ჭიდაობაზე დადის, ვარჯიშობს, ყველა წუთი გათვლილი აქვს... ჩემი შვილის ტელეფონის ზარებიც შემოწმებულია...
დაკითხვას მეც ვესწრებოდი, იქ გავიგე, რატომ დასრულდა მათი ურთიერთობა, თუმცა, დეტალებზე საუბარი საჭირო არ არის,“ - აღნიშნა მან.
http://www.kvirispalitra.ge/justice/21905-qchemi-shvili-dachekhiliaq.html