-
2014-05-23 16:39
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო. სასამართლო განაჩენის გამოცხადებას თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი, გიგი უგულავა მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფები ტაშით შეხვდნენ.
"საკონსტიტიუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საქართველოში თვითმმართველობის განვითარებისთვის. 15 ივნისიდან საქართველო ირჩევს ახალ მერებს და გამგებლებს. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ წერტილი დაუსვა იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც გამოიყენა ამ მთავრობამ, პროკურატურამ. დღეიდან მერების და გამგებლების არჩევას ექნება აზრი.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ახალი თვითმმართველობის კოდექსი მიიღო, შავი ხვრელი იყო დატოვებული და ნებისმიერ დროს, თუ მთავრობას არ მოეწონებოდა ხალხის არჩეული მერი, შეეძლო ასეთივე პარტიზანული მეთოდებით გადაეყენებინა და დროებით თანამდებობიდან მაინც ჩამოეცილებინა", - აღნიშნა გიგი უგულავამ.