
„ქრონიკა +“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალში უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი 20 სექტემბერს გამოაცხადა.
დაცვის მხარეს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჩაბარდა. გთავაზობთ სასამართლოს ყველა იმ არგუმენტს, რის საფუძველზეც ხარშილაძე გამართლდა.
სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია:
„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს, რატომ არ მოხდა საგამოძიებო ჯგუფში მყოფი ყველა იმ პირის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაკავების ადგილზე და მათი თვალთახედვის არეში ვითარდებოდა პროცესები“.
„რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ დაცვის მხარემ გამოავლინა საგამოძიებო ჯგუფში იმაზე მეტი პოლიციელის ჩათულობა, ვიდრე ეს საქმის მასალებით იკვეთებოდა. ბრალდების მხარემ დამაჯერებლად ვერ ახსნა, თუ რატომ მალავდა საგულდაგულოდ გამოძიება იმ პოლიციელებს, რომლებიც არცთუ მწირ ინფორმაციას ფლობდნენ ჩატარებულ ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით".
„სამართალდამცავები გაურკვეველი მიზეზით ჩხრეკენ არც ბრალდებულის ავტომანქანას, რომლითაც იგი გადაადგილდებოდა დაკავებამდე და არც მის საცხოვრებელ ბინას".
„თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მაშინ, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ერთი კონკრეტული სამმართველოს მთელი განყოფილება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიდის ღონისძიების განსახორციელებლად, ისმის კითხვა, რატომ არ ახდენს აღნიშნული ღონისძიების ვიდო გადაღებას, ასევე არ ასწრებს საგამოძიებო მოქმედებაზე გარეშე პირს, რომელიც დაკავების ადგილზევე აპროტესტებს პოლიციელების „საეჭვო ქმედებებს“ და მკაფიოდ აფიქსირებს, რომ დაკავებულს ნარკოტიკი „ჩაუდეს“.
„არ იქნა მოძიებული არანაირი ინფორმაცია შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრზე შესაძლო ვიდეოკამერებისა და ჩანაწერების არსებობის თაობაზე, რათა ყოველგვარი ეჭვის გამომწვევი გარემოები გამორიცხულიყო და გაბათილებულიყო;
„საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გამოძიებამ არ დანიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა წონაკებზე თითის ანაბეჭდების აღმოჩენის მიზნით, რაც ასევე გამოძიების არასრულყოფილებაზე მიანიშნებს“.
სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ელისო კილაძემ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა.