
შსს-ს ყოფიოლი მაღალჩინოსნების, გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას 12-წლიანი პატიმრობის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ე.წ. კორტების საქმეზე მსაჯვრდებულების განაჩენი წელიწადნახევრიანი განხილვის შემდეგ, მეორე ინსტანციამ დღეს გამოაცხადა.
ცააძესა და ფირცხალავას 2006 წელს, თბილისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ზუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რის საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ 12-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ სწორედ განაჩენის გამამტყუნებელი ნაწილი გაასაჩივრა. თავის მხრივ, პროკურატურას გასაჩივრებული ქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ნაწილი, სადაც კიდევ ერთ ეპიზოდში - ფალსიფიკაციის ბრალდებაში, ფირცხალავა და ცააძე გამართლდნენ. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში სასჯელის დამძიმებას ითხოვდა.
კრიმინალური პოლიციის და სპეცრაზმის მაღალჩინოსნები განზრახ მკვლელობის ბრალდებას არ ეთანხმებიან და მათ წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.